ცუდი შედეგი, ცუდი ფინანსები... ვიტ ჯორჯიას ახალი მწვრთნელი ეყოლება

29 წლის ლაშა ფირცხალაიშვილმა ვიტ ჯორჯიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. 

გუნდმა ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო და  11 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, არადა, თავიდან კარგად დაიწყო, ოთხი ტურის მერე წაგება არ ჰქონდა...

 

რაც აშკარად ჩანდა, ვიტ ჯორჯიამ რამდენიმე ისეთი თამაში წააგო, რომელშიც პირიქით უნდა მოეგო: თამაშის მიხედვით, გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ვერ გაჰქონდა. მხოლოდ 7 გოლი 13 შეხვედრაში. ძალიან ცოტაა.

 

ფირცხალაიშვილმა თავად დაგვიდასტურა, რომ ვიტ ჯორჯიადან წავიდა და მიზეზი მხოლოდ შედეგი არ ყოფილა: ფინანსები, ფინანსები.

 

„სიონთან 0:1 წაგების მერე კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძეს შევხვდი. ვისაუბრეთ და გადავწყვიტე, საქმეს ჩამოვშორებოდი. შარშან ლიგა 2–დან გადმოვედით, გადამწყვეტ თამაშებშიც, პრობლემების მიუხედავად, სამტრედიას დამაჯერებლად მოვუგეთ. წლეულსაც კარგად დავიწყეთ სეზონი, მაგრამ ფინანსურმა სიტუაციამ თავისი გაიტანა და იმოქმედა.

 

...ბოლოსწინა ადგილი ცუდად მოჩანს და ვინც არ უყურებს, იმან არ იცის, რომ 13–დან არცერთ შეხვედრაში არ დავჩაგრულვართ. პირველ ტურში გორის დილას გასვლაზე რომ 1:0 მოვუგეთ, ხარისხობრივად ერთ–ერთი ყველაზე ცუდი იყო. გამოუცდელობა, მომენტების ცუდი რეალიზაცია და ასე შემდეგ.

 

...დავისვენებ და პროლიცენზიის კურსებზე გავალ. ეს ყველაფერი სტრესია და რთულია, ცუდ ფინანსურ სიტუაციაში მუდმივად კარგი შედეგი გქონდეს. აი, რა ხდება ქუთაისის ტორპედოში“.

 

ვინ გაწვრთნის ვიტ ჯორჯიას, ეს ჯერ უცნობია. ისე, მთავარ მწვრთნელად გამოცდილი ვლადიმერ ხაჩიძე იყო გაფორმებული. საერთოდ, ხაჩიძემ ქართველ მწვრთნელებში პირველმა აიღო პროლიცენზია. ვინც არ იცის, ჯერ კიდევ პირველ ეროვნულ ჩემპიონატში იყო უმაღლესი ლიგის გუნდის თავკაცი – ხაშურის ივერიასი.