ტოჩის ოფლის დაუღვრელი

ქართველმა სუმოისტმა დადებითი ბალანსი გაინაღდა

ტოკიოში მიმდინარე წლის მესამე სუპერტურნირზე სუმოში მეცხრე დღის ბრძოლების დრო დადგა, თუმცა ლევან გორგაძე დოჰიოზე არ გასულა. მისი მეტოქე ახლადშემდგარი ოძეკი ტაკაკეიშო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მათი შეხლა არ შედგა. ტაკაკეიშო ტრავმის გამო მოიხსნა და შესაბამისად ტოჩინოშინმა მოგება უბრძოლველად გაიფორმა.

 

ნიშანდობლივია, რომ ლევან გორგაძემ წინა ბაშოზე ოძეკობა სწორედ ტაკაკეიშოსთან წაგების გამო დაკარგა. კარგი იქნებოდა, სრულფასოვანი რევანში შემდგარიყო და ქართველ გოლიათს მეტოქე დოჰიოზე დაემარცხებინა, მაგრამ მეორეს მხრივ სასიამოვნო ფაქტია, რომ ტოჩინოშინმა მერვე გამარჯვება მიითვალა და მთავარ მიზნამდე სულ ცოტა აშორებს.

 

წინ კიდევ 6 ბრძოლაა, ლევან გორგაძეს კი ოძეკობამდე ორი მოგება სჭირდება.