17 მილიონი თუ პატარა ბურთი?

ულტიმატუმი რეალს

წლეულს, მადრიდის რეალმა, თანამედროვე ისტორიაში ყველაზე უარესი სეზონი გადაიტანა. პრიმერას ბოლო ტურში ზიდანის გუნდი შინ დამარცხდა ბეტისთან 0:2. ეს „სამეფო კლუბის“ მე-12 წაგება გახლდათ ჩემპიონატში. ბარსელონას 19 ქულით ჩამორჩა...

 

 ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს.

 

 თუმცა, ამ სეზონის დავიწყება მალევე შეიძლება. მადრიდელებმა ბოლო დროს იმდენი პრიზები მოიგეს, ერთი სეზონი სალაპარაკო არც არის...

 

 

 

მოკლედ, ზიდანი ახალი გუნდის შენებას იწყებს და მომავლისკენ იყურება. თუმცა ერთი თავისტკივილი და მოუგვარებელი პრობლემა მაინც დარჩათ - გარეთ ბეილი. კაცი, რომელშიც თავის დროზე ზღაპრული თანხა გადაიხადეს, ახლა კი აღარავის უნდა.

 

 ბეტისთან უელსელმა ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა. თუ ვილიარეალთან და სოსიედადთან ზიდანმა ის სამაგალითოდ არ შეიყვანა შემადგენლობაში, ამჯერად განაცხადში კი ჩაწერა, მაგრამ მინდორზე მაინც არ გაუყვანია. გაბრაზებულმა ბეილმა ვეღარ მოითმინა და ერთგვარი დემარში მოაწყო. როცა საფინალო სასტვენის შემდეგ, მთელი გუნდი გულშემატკივრებისკენ გაემართა მადლობის გადასახდელად, ბეილი პირდაპირ გასახდელში შევარდა.

 

 

 

 „რატომ არ ვათამაშე ბეილი? იმიტომ, რომ დღეს სხვა ფეხბურთელები ვამჯობინე, - თქვა შემდეგ პრესკონფერენციაზე ზიდანმა, - თუკი მოთამაშე გუნდის სქემაში ვერ ჯდება, იძულებული ვარ, სხვა ვარიანტები ვეძებო. ამიტომ დღეს ითამაშეს ასენსიომ, ისკომ და ლუკას ვასკესმა. მეტი არაფერი.

 

 არ ვიცი რა მოხდება მომავალში, მაგრამ მე გადაწყვეტილებების მიღება მმართებს.

 

დიახ, გარეთმა ბევრი რამ მოიგო რეალში. მაგრამ არ შეიძლება წარსულით ცხოვრება. დღევანდელობით და მომავლის განცდით უნდა იაზროვნო“, - უთხრა ჩვენს კოლეგებს ზიდანმა.

 

 

 

 ბეილს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა გამომცემლობა Radioestadio-მ სანდო წყაროებზე დაყრდნობით უელსელის გასახდელში ნათქვამი გაასაჯაროვა.

 

 „კონტრაქტით კიდევ სამი წელი დამრჩა რეალში, - უთქვამს ბეილს, - თუ უნდათ, რომ წავიდე, ყოველ წელიწადს 17 მილიონი ევრო უნდა გადამიხადონ. თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ მადრიდში დავრჩები და ფეხბურთის მაგიერ გოლფის თამაში რომ დამჭირდეს, გოლფს ვითამაშებ.“

 

 საინტერესოა, რომ გამოცემაში მოყვანილი სიტყვები, არც ბეილს და არც მის აგენტს არ გაუპროტესტებიათ.

 

 Independent-მა ზიდანის სიტყვები გამოაქვეყნა: „მეოთხე ცვლილების უფლებაც რომ მქონოდა, ბეილს მოედანზე მაინც არ გავიყვანდი“.

 

 თუმცა ესპანურმა მედიამ ამას ყალბი ამბავი უწოდა.

 

 

 

 მეორე მხრივ, ყველაფერი გასაგებია, ზიდანი ახალი გუნდის შენებას იწყებს და უკვე თქვა, რომ ზაფხულში რეალს სავარაუდოდ კეილორ ნავასი, სერხიო რეგილონი, ხესუს ვალიეხო, ტეო ერნანდესი, დანი სებალიოსი, ხამეს როდრიგესი, მარტინ ედეგორი, ბრაიმ დიასი, მატეო კოვაჩიჩი, ოსკარ როდრიგესი, ბორხა მაიორალი და რა თქმა უნდა, ბეილი დატოვებენ.

 

 უელსელის გაყიდვა მადრიდელთათვის პრიორიტეტულია, რადგან ის ძვირადღირებული მოთამაშეა და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა დიდად დაეხმარება ვარსკვლავური ტრანსფერების გაჩარხვაში. თუნდაც პოგბას, აზარის და მბაპეს შეძენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება უეფას ფეარ პლეის პირობების  გათვალისწინებაც.

 

 მაგრამ ბეილის მოცილება ასე იოლი არ იქნება. ჯერჯერობით პოტენციური მყიდველებიც არ ჩანან. ჯერ ერთი, მალე უელსელი 30 წლის გახდება და მისი კარიერა უკვე დაღმა მიდის. მთავარი პრობლემა მისი მაღალი ხელფასია. წელიწადში 17-20 მილიონის გადახდა, რომელსაც ბეილი მადრიდში იღებს,  არავის უნდა.

 

 თითქოს მანჩესტრს და ტოტენჰემს სურდათ მისი ყიდვა, მაგრამ ბოლო დროს აღარც მათგან ისმის არფერი.