ოქროს ბუცის ისტორიები: ენდელაძე, კორღალიძე, მეგრელაძე...

ოქროს ბუცი და ქართველები... პლუს, საინტერესო ისტორიები. უკვე ვწერდით, რომ ლეო მესი ოქროს ბუცს მეექვსედ მოიგებს, რაც რეკორდია. 

ფორმალობაღა დარჩა, უბრალოდ, სამპდორიელმა ფაბიო კვალიარელამ ბოლო ტურში 11 გოლი არ უნდა გაუტანოს იუვენტუსს. 

 

ოქროს ბუცი კი ქართველსაც აქვს მოგებული. 1995/1996 წლების სეზონში ზვიად ენდელაძემ ზესტაფონის მარგვეთის მაისურით 40 გოლი გაიტანა. ენდელაძე ამჟამად 53 წლისაა. მისი ვაჟია სამტრედიას ნახევარმცველი ავთო ენდელაძე, რომელიც საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა...

 

1992, 1993, 1994, 1995 და 1996 წლებში ოქროს ბუცის ნომინაცია, უბრალოდ, შეწყვეტილი იყო, თუმცა ოფიციალურად ენდელაძე მაინც მოხსენიებულია, როგორც ოქროს ბუცის მფლობელი.    

 

საქმე ისაა, რომ 1991 წელს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ იჩივლა, ჩვენს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელს უნდა მოეგო ტიტული და დარკო პანჩევს (ცრვენა ზვეზდა) რატომ გადაეცაო. კვიპროსელები ამბობდნენ, ჩვენმა მოთამაშე პანაიოტის ხიორუპასმა (ომონია) 40 გოლი გაიტანაო, თუმცა უეფას ოფიციალურ მონაცემებში ეს არ ჩანდა: 19 გოლი ეწერა. სხვათა შორის, პანჩევს მოგვიანებით, 2006 წელს გადასცეს ოქროს ბუცი.

 

მოკლედ, გამოსავალი მოძებნეს: 1997 წლიდან ოქროს ბუცის ნომინაციისას, გოლებს უეფას რეიტინგის მიხედვით ანიჭებენ კოეფიციენტს. ხუთ გრანდ ჩემპიონატში გოლის გატანა 2,0-ით ფასდება, მეექვსედან 21-ე ადგილამდე მყოფ ქვეყნებში გატანილი გოლი 1,5-ით, დანარჩენები კი 1,0-ით.

 

მანამდე კი ყველას გოლს ერთი ფასი ჰქონდა. კვიპროსისა თუ მალტის უსუსტეს ლიგებში და მაგალითად, ლა ლიგაში გატანილსაც... და ძალიან ხშირად ხდებოდა მსგავსი რამ: ბოლო ტურებში ლამის მთელი ქვეყანა მუშაობდა, რომ მათი ლიგის ფეხბურთელს მიეღო ოქროს ბუცი. განსაკუთრებით რუმინეთში... იყო ასეთი ფეხბურთელი როდიონ კემეტარუ, ბუქარესტის დინამოში თამაშობდა და 1986/1987 წლების სეზონში 44 გოლი გაიტანა.

 

დაჯილდოებისას კი სკანდალი მოხდა. მეორეზე გასულმა ავსტრიელმა ტონი პოლსტერმა პრიზზე, ვერცხლის ბუცზე, უარი განაცხადა. პოლსტერმა განაცხადა, რომ კემეტარუმ უსამართლოდ გადაასწრო. მართლაც, რუმინელმა ბოლო 4 ტურში 19 გოლი გაიტანა! მოგვიანებით ეს თამაშები ჩაწყობლად ცნეს და კემეტარუსაც პრიზი ჩამოართვეს. პოლსტერმა ჩაიხუტა ოქროს ბუცი...

 

კიდევ, 1992 და 1993 წლებშიც, არაოფიციალურად, გლაზგო რეინჯერსის ლეგენდა ალისტერ მაკოისტმა მოიგო ოქროს ბუცი. ორივე სეზონში 34-34 გოლი მიითვალა. აქაც ფიგურირებდნენ ქართველები, მაგრამ რად გინდა, იმ დროს საქართველო ფიფასა და უეფა-ში ახალგაწევრიანებული იყო, საკმარისი რეიტინგი არ ჰქონდა, მხოლოდ 32 წევრი ქვეყნიდან არჩევდნენ... თორემ მაკოისტი ვერცერთხელაც ვერ მოიგებდა (თუნდაც არაოფიციალურად).

 

1991/1992 წლებში მაკოისტს ორმა ქართველმა გაუსწრო. 40 გოლი გაიტანა ოთარ კორღალიძემ (გურია), ხოლო 35 - მიხეილ ჯიშკარიანმა (ცხუმი).

 

1992/1993 წლების უმაღლეს ლიგაში წყალტუბოს სამგურალის ფორვარდმა მერაბ მეგრელაძემ 41 გოლი გაიტანა. 37 წლის ასაკში! მეგრელაძეს ზოგადად არანორმალური შედეგიანობა ჰქონდა. კარიერა 43 წლის ასაკში დაასრულა. მისი ვაჟი, გიორგი, ასევე კარგი ფორვარდი გახლდათ. ბევრი გაჰქონდა საქართველოს ჩემპიონატში, სხვადასხვა კლუბებში მთავარი მეგოლე იყო... ახლა კი დიდი მერაბის შვილიშვილი მერაბ მეგრელაძე თამაშობს და ისიც თავდამსხმელია - სამტრედიაშია, 19 წლის გახლავთ.

 

უფროსი მერაბ მეგრელაძე 2012 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა, 55 წლის ასაკში...

 

ისე, ოქროს ბუცის პირველი მფლობელი პორტუგალიელი ლეგენდა ეუსებიოა. 1968 წელს მოიგო. იმ სეზონში ბენფიკას მაისურით 42 გოლი გაიტანა. რეკორდსმენი, როგორც უკვე დავწერეთ ლეო მესია - აი, მეექვსედ ჩაიბარებს პრიზს.

 

4-ჯერ აქვს მოგებული კრიშტიანუ რონალდუს, 2-2-ჯერ მოიპოვეს ეუსებიომ (პორტუგალია), გერდ მიულერმა (გერმანია), დუდუ ჯორჯესკუმ (რუმინეთი), ფერნანდუ გომეშმა (პორტუგალია), ალი მაკოისტმა (შოტლანდია), მარიო ჟარდელმა (ბრაზილია), ტიერი ანრიმ (საფრანგეთი), დიეგო ფორლანმა (ურუგვაი) და ლუის სურესმა (ურუგვაი).