არსენალს ჩანაფიქრი ჩანასახშივე მოუსპეს

უეფამ, მსგავსი ქმედებები წესებს ეწინააღმდეგებაო

ფეხბურთის გულშემატკივარს ალბათ შეხსენება არ სჭირდება, რომ 29 მაისს, ბაქოში ევროპა ლიგის ფინალია, რომელშიც არსენალი ჩელსის დაუპირისპირდება. ისიც არახალი ამბავია, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქში მეთოფეთა ფორვარდი ჰენრიხ მხითარიანი არ ჩადის. მიზეზის გამოცნობისთვის კი ბევრი ტვინის ჭტლეტა საჭირო არ არის. სომეხი ფეხბურთელი ბაქოში საკუთარი სურვილით არ გაემგზავრა, რადგან იქ თავს მთლად უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობო. აზერბაიჯანული მხარე კი სრულ გარანტიას იძლეოდა, მაგრამ ეს მხითარიანისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 

 

ამასობაში კი არსენალის ფეხბურთელებს ჩანაფიქრი ჩანასახშივე მოუსპეს. ისინი, თანაგუნდელის მხარდასაჭერად ერთგვარი აქციის მოწყობას აპირებდნენ. ბუნებრივია, ტრანსფარანტებით ქუჩაში მსვლელობის მოწყობას არავინ გეგმავდა. არსენალის ფეხბურთელებს სურდათ მატჩისწინა მოთელვაზე მაისურებზე ყველას მხითარიანის გვარი სწერებოდათ, თუმცა უეფამ ამის უფლება არ მისცა.

 

გასაკვირი არ არის, რომ ევროპული ფეხბურთის უმაღლეს მმართველ ორგანოს არ სურს აქცენტი პრობლემაზე გააკეთოს. მათ არსენალის შტაბს დელიკატურად მიუთითეს, რომ მსგავსი  ქმედება უეფას წესდებას ეწინააღმდეგება და წესების დარღვევაა.