მოსახდენი მოხდა

ანტონიო კონტე კვლავ საქმეშია

მილანში, კერძოდ კი ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბ ინტერში საქმე დიდად აღარ გააჭინაურეს. ის, რაზეც უცხოური მედია და მათ შორის ჩვენც საკმაო ხანია ვწერდით ბეჭედი ოფიციალურად დაესვა. ანტონიო კონტე ინტერის მთავარი მწვრთნელია.

 

მართალია, ნერაძური აწ უკვე დასრულებულ სეზონში მეოთხე ადგილზე გავიდა, პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობა ლუჩანო სპალეტით მაინც უკმაყოფილო დარჩა და კარისკენ მიუთითა.

 

49 წლის კონტეს, ინტერის ხელმძღვანელობამ გაცილებით მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა დაუსახა. კერძოდ, მილანური კლუბი კვლავ ევროპის ტოპ გუნდი უნდა გახდეს.

 

„ანტონიო კონტე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელია. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მას შეუძლია ინტერი ისევ მაღალ მწვერვალებზე აიყვანოს“ - ამბობს ნერაძურის პრეზიდენტი სტივენ ჩანი.

 

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე მანამდე იუვენტუსს და ჩელსის წრთვნიდა. იტალიურ გრანდში მან სერია ა 3-ჯერ მოიგო, ხოლო ჩელსი პრემიერლიგის ჩემპიონი გახადა. კონტე, სათავეში იტალიის ნაკრებსაც ედგა.