იურგენ კლოპი: ერთი წლით უფროსები ვართ

კობა ინასარიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის მადრიდიდან

მადრიდიდან მადრიდის განაპირას, ვანდა მეტროპოლიტანოზე გადავინაცვლოთ... ატლეტიკოს ახალაშენებული, ფრიად კომფორტული სტადიონი ფინალისწინა ვარჯიშისთვის თავიდან ლივერპულს დაეთმო, რადგანაც მატჩის პირობითი მასპინძელი სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გახლავთ... შესაბამისად პრესკონფერენციაც პირველებმა ლივერპულელებმა გამართეს. ვიდრე ისინი მეტროპოლიტანოს მინდორს დააჭაშნიკებდნენ, იქამდე მედიიდ წინ იურგენ კლოპთან ერთად მცველები - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და ენდი რობერტსონი წარსდგნენ.

 


 

იურგენ კლოპი: „ფინალში ერთმანეთს ორი კარგი გუნდი ხვდება. დიდ პატივს ვცემ პოჩეტინოს მიერ გაწეულ სამუშაოს. მას თავიდანვე ჰყავდა ნიჭიერი ბიჭები, მაგრამ ბოლო წლებში მათ კოლოსალურ პროგრესს მიაღწიეს.

ვერ ვიტყვით, რომ დღემდე ჩემი სამწვრთნელო კარიერა უიღბლო იყო. 2012 წლიდან, 2017-ის გამოკლებით, ყოველ წელს ფინალში ვიყავი, მაგრამ ვერაფერი მოვიგე. ალბათ მე ნახევარფინალებში გამარჯვების დიდოსტატი ვარ და ამის შესახებ წიგნი რომ დავწერო, არავინ წაიკითხავს.

ვიცი, ხალხი ამბობს, თითქოს უპირატესობა ჩვენ გვაქვს, რადგან შინაურ ჩემპიონატში უფრო მაღალი ადგილი დავიკავეთ. მაგრამ ასე არ არის. სასტარტო სასტვენის წინ, უპირატესობა არცერთს გვაქვს.


 

ეგ არის, ერთი წლით უფროსები ვართ. შარშან უკვე ვითამაშეთ ფინალი, თუმცა მაშინ ბევრი შანსი არ გვქონია. თავად გავვოცდით, როგორ მოვხვდით ფინალში. შარშან სტაბილურობაც გვაკლდა.

თუ წინა ფინალებს გავიხსენებთ, სიტუაცია ყველა მათგანში სხვადასხვაგარი გახლდათ. შარშან კი გოლი შედევრისა და ორი ისეთი გოლის გამო წავაგეთ, როგორებსაც ჩვეულებრივ, არ ვუშვებთ ხოლმე.
ფირმინო მზადაა. იქნება თუ არა ძირითადში? ახლა ვერ გიპასუხევბთ ამ კითხვაზე. თუ მზად იქნება, ითამაშებს.

 



ენდი რობერტსონი : „გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, ვინც შარშანდელ, კიევურ ფინალში ითამაშა. ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება წნეხის დაძლევაში.

კლოპმა გუნდში მოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ. ამიტომ თასის აღებით გვინდა მადლობა გადავუხადოთ. მაგრამ მარტო კლოპის გამო არა, ჩვენ ყოველი გულშემატკივრისა და კლუბში მომუშავე ყველა ადამიანისთვის უნდა გავიმარჯვოთ.“



 

 

ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: „ჩვენ გარკვეული სტილი გვაქვს, რომელსაც მეტოქისგან გამომდინარე, არასოდეს ვცვლით. თუ შაბათს დაცვიდან ვითამაშებთ, ამით ტოტენჰემს საკუთარი თამაშის საშუალებას მივცემთ. ამიტომ ჩვენ მათ მოედანზე უნდა ვეძებოთ ბედი. ეს იქნება ჩვენი შანსი.“