პოჩეტინო: ისტორიაში შესვლა გვინდა

კობა ინასარიძე სპეციალურად ლიდერსპორტისთვის მადრიდიდან

გვიან საღამოს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ტოტენჰემი გამოჩნდა. ლონდონელები უხასიათობას არ უჩიოდნენ. ლაღად ირჯებოდნენ. ჯერჯერობით გაურკვეველია ტრავმამოშუშებული ჰარი კეინის ამბავი. ეს უშუალოდ მატჩის წინ გაირკვევაო, თქვა ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ. თუ კეინი მინდორზე გავიდა, ეს მისთვის 50-ე ევრომატჩი იქნება.

პოჩეტინოს პრესკონფერენციაზე მეკარე უგო ლორისი და ნახევარმცველი ჰარი უინკსი ახლდნენ.

 



მაურისიო პოჩეტინო: „მიმდინარე სეზონი ამ ტურნირში დაუვიწყარი გამოდგა ჩვენთვის. ბევრი სასიხარულო მომენტი იყო. ამ გუნდის გაწვრთნა დიდი პატივია ჩემთვის.

ლივერპული შესანიშნავი გუნდია. საუკეთესო ინგლისში, მანჩესტერ სიტისთან ერთად. მათ დიდებულად ითამაშეს პრემიერლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც. კლოპი ფანტასტიკური მწვრთნელია. ის მესამედ იქნება ლიგის ფინალში. იქ მოხვედრა კი ძალიან ძნელია. სამჯერ ფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა და რაც უნდა მოხდეს, ის მაინც უდიდეს მწვრთნელად დარჩება.

თუმცა, შაბათს მხოლოდ გამარჯვება დაგვაკმაყოფილებს. ისტორიაში შესვლა გვინდა და კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.

მთავარია თავი თავისუფლად ვიგრძნოთ. როგორც ბავშვობაში იყო ხოლმე. არაფერი გვანაღვლებდა თამაშის გარდა. არ ვიფიქროთ, რომ მილიონობით ადამიანი გვიცქერს.

 



ფეხბურთში შედეგზე სიტუაციის სწორი ანალიზი დიდ გავლენას ახდენს. სეზონის დასაწყისიდან ჩვენმა გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, რაც სწორ მუშაობაზე მეტყველებს.“

უგო ლორისი (ტოტენჰემის მეკარე): „ფანტასტიკური მატჩი გველის და უნდა ვისიამოვნოთ. სიამოვნების საუკეთესო საშუალება კი მოგებაა. ამ ეტაპზე გუნდისთვის ყოველ მოთამაშეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერს წვრილმანები წყვეტს და ნებისმიერმა შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულოს.

ერთიანობის საუკეთესო მაგალითი ამსტერდამში ვაჩვენეთ. ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს განსაკუთრებული მომენტი გახლდათ. ცხადია, შაბათსაც, საფინალო სასტვენის შემდეგ, გვინდა, რომ ასევე გახარებულები ვიყოთ. 

 

 

ჩემთვის დიდი პატივია ამ წარმატებულ გუნდში თამაში. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა გახლდათ, თუმცა ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. ასე უნდა იყოს ამჯერადაც.

ჰარი უინკსი (ტოტენჰემის ნახევარმცველი): „ეს გრანდიოზული შესაძლებლობაა ყველას დავუმტკიცოთ ჩვენი ოსტატობა. აქ ყოფნა უჩვენებს რამდენად გაიზარდა ტოტენჰემი. ეს განსაკუთრებული და ემოციური საღამო იქნება ყველასათვის“.