აზარი აღარ მალავს

ბელგიელის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევროა

29 მაისს, ბაქოში, ევროპის ლიგის მოგების შემდეგ, რომელშიც ჩელსიმ არსენალი 4:1 დაამარცხა, ედენ აზარი დასასვენებლად ესპანურ მარბელაში გაემგზავრა. სხვათა შორის, ბელგიელმა ვარსკვლავმა ბაქოს ფინალში დუბლი მიითვალა და არისტოკრატების გამარჯვებაში უდიდესი წვლილი დაიდო.

 

შვებულება კი აზარმა ნამდვილად დაიმსახურა და ალბათ არც ის არის შემთხვევითი, რომ ჯერ კიდევ ჩელსის ფეხბურთელმა დასასვენებლად სწორედ ესპანეთი შეარჩია. არახალია, რომ აზარს ჩელსიში დარჩენა აღარ სურს და გული მადრიდისკენ მიუწევს. მას, რეალში გადაბარგებას ჯერ კიდევ შარშან უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ შედგა.

 

ახლა კი ალბათ საქმე აღარ გაჭიანურდება და აზარიც ბურთს სანტიაგო ბერნაბეუზე გააგორებს. ბელგიელიც ღიად გამოხატავს ამის სურვილს, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მარბელაში მან სურათი რეალის მაისურაში გამოწყობილმა გადაიღო.

 

შეგახსენებთ, ედენ აზარი ჩელსიში 2012 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მან პრემიერლიგა და ევროპის ლიგა ორ-ორჯერ მოიგო. მის კოლექციაში ასევე არის ინგლისის ასოციაციის და ლიგის თასები.

 

აზარის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევროა.