5 საუკეთესო გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში

პრემიერლიგის ისტორიაში კვალი მართლაც არაერთმა ბრწყინვალე გუნდმა დატოვა, თუმცა ამჯერად არჩევანი 5 საუკეთესოზე შევაჩერეთ

ინგლისის პრემიერლიგა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელიც ევროპის ტოპ 5 დივიზიონში ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს.


დაარსების დღიდან (1992 წელი) ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო დივიზიონში რამდენიმე ძლევამოსილ გუნდს უთამაშია, რომლებმაც ევროპის დაპყრობაც მოახერხეს. 


დიდი კლუბის ჩამოსაყალიბებლად არაერთი ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი: ნიჭიერი და პროფესიონალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობის შერჩევა, კარგი ხელმძღვანელობა, ძლიერი მენტალიტეტი და ცოტა იღბალიც. 


ბევრი მიიჩნევს, რომ წარმატების მთავარი გარანტია ფულია. არადა, პრემიერლიგის ისტორიამ შედარებით დაბალბიუჯეტიანი გუნდების ტრიუმფი და მაღალშემოსავლიანთა კრახიც გვაჩვენა. 


პრემიერლიგის ისტორიაში კვალი მართლაც არაერთმა ბრწყინვალე გუნდმა დატოვა, თუმცა ამჯერად არჩევანი 5 საუკეთესოზე შევაჩერეთ. 

 

 

5. ლონდონის ჩელსი 2004/05 

 



2005 წელს ჩელსი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი გახლდათ, მიუხედავად იმისა, რომ არსენალისა და მანჩესტერ იუნაიტედის მსგავსი ტრადიციები არ გააჩნდა.


მართალია, არისტოკრატები ჩემპიონთა ლიგაში თუ პრემიერლიგაში გამოსვლას დომინანტურად ხშირად იწყებდნენ, თუმცა ყოველთვის არსებობდა განცდა, რომ ისინი საბოლოოდ ტიტულს ვერ დაეუფლებოდნენ და ასეც ხდებოდა, ვიდრე გუნდში ჟოზე მოურინიო არ მივიდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა პრემიერლიგაში ლონდონელების 60-წლიან უტიტულობას წერტილი დაუსვა. 


ჩელსის ამ ფორმაციის გუნდში შესაძლებლობებისა და ტაქტიკური სქემების იდეალური ბალანსი იყო დაცული. 


იმ დროისთვის, დედაქალაქელებს უკვე ჰყავდათ რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი, მათ შორის ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი, დიდიე დროგბა და პეტერ ჩეხი. 


მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორ სეზონში განცდილი მარცხისა, ამ ჩელსიმ ზედიზედ ორჯერ პრემიერლიგა მოიგო და ლიგის თასსაც დაეუფლა. 

 

 

 

4. მანჩესტერ სიტი 2017-2019

 



ბევრი ექსპერტის აზრით, ინგლისის ბოლო ორი სეზონის ჩემპიონი ისტორიაში ტიტულის ყველაზე დამსახურებულად მომგები გუნდია. თითქმის 10-წლიანი პაუზის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდი პირველი გახდა, რომელმაც პრემიერლიგის ტიტულის დაცვა შეძლო. ამასთან სიტი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში ქვეყნის შიგნით ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. 


2008 წელს, როცა კლუბი არაბმა შეიხმა მანსურმა შეიძინა და მასში 210 მილიონი გადაიხადა, გუნდი პრემიერლიგაში მიჯრით მეშვიდე სეზონს ატარებდა და ეს ერთ-ერთ საუკეთესო შედეგად ითვლებოდა. 


გუნდი ნელ-ნელა აღმავლობის გზას დაადგა. მათ 2012 და 2014 წლებში პრემიერლიგაც მოიგეს და 2016 წელს შეიხმა თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი პეპ გვარდიოლა მიიწვია. ბარსელონას დიდებული ეპოქის შემოქმედმა ესპანეთისა და გერმანიის შემდეგ საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის დანერგვა ინგლისშიც დაიწყო. პირველ სეზონში მეოთხე ადგილზე გასვლის შემდეგ, სიტიმ მიჯრით ორჯერ პრემიერლიგა მოიგო და ყველაზე დომინანტური ინგლისური გუნდის სახელიც მოირგო. 


პრემიერლიგის ისტორიაში ტიტულისთვის ყველაზე დაძაბული რბოლა ბოლო სეზონში შედგა, როცა 97 ქულის დამგროვებელმა და მესამე საუკეთესო შედეგის მაჩვენებელმა ლივერპულმა ტიტული ვერ მოიპოვა - წინ მანჩესტერ სიტი იყო. 


გვარდიოლას ფეხბურთით ქალაქელები ტიტულების მოხვეჭასთან ერთად სხვა გუნდების უშანსოდ დატოვებასაც ახერხებენ. 

 

 

3. არსენალი 2003/04 (დაუმარცხებლები)

 


არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით, 2004 წელს არსენალი პირველი და დღემდე ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც სეზონი წაუგებლად დაასრულა.

 
პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ შემადგენლობას რომელსაც დაუმარცხებელსაც უწოდებდნენ, ტიერი ანრი, დენის ბერგკამპი, პოლ პირსი, ენდი კოული და სხვები ქმნიდნენ. 


გარდა წაუგებლად მოგებული ჩემპიონობისა, არსენალს ამ ფორმაციის შეტევის შესანიშნავი სტილი გამოარჩევდა, სადაც პრაქტიკულად ყველა ფეხბურთელს გოლის გატანა შეეძლო. 


2004 წლის არსენალს პრემიერლიგის ბოლო გათამაშებაში რომ ეთამაშა, მათ მიერ დაგროვილი ქულებით ისინი მხოლოდ მესამე ადგილს დაიკავებდნენ, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რამდენი მატჩი დაასრულეს ფრედ იმ სეზონში მეთოფეებმა.


შესაძლოა არა მანჩესტერულ გრანდებზე მაღლა, თუმცა ნებისმიერ შემთხევავში, მათ საუკეთესოთა შორის ადგილი  ნამდვილად უკავიათ. 

 

 

 

2. მანჩესტერ იუნაიტედი 2007-08

 


ამ გუნდის აღზევება 2006/07 წლების სეზონში დაიწყო, როცა ბოლო სამ წელიწადში გუნდმა პირველი ტიტული მოიგო, ერთი წლის თავზე კი მათ ბრწყინვალების ზენიტს მიაღწიეს. 


სეზონი გამორჩეული იყო კრიშტიანუ რონალდუსთვისაც, მაშინ პორტუგალიელმა ოქროს ბურთი პირველად მოიგო და კარიერაში ალბათ ინდივიდუალურად საუკეთესო სეზონიც ჰქონდა. შემდეგში რეალის და იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა იმ სეზონში 42 გოლი გაიტანა, გუნდმა კი ჩემპიონთა ლიგა და პრემიერლიგა მოიგო.


იმ პერიოდში, იუნაიტედის ღირსებას ფორმის პიკში მყოფი რამდენიმე ვარსკვლავი, მათ შორის რუნი, ტევესი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ვან დერ საარი და სხვები იცავდნენ. გარდა ამისა, გუნდში იყვნენ ე.წ 92-იანების წარმომადგენლები - მანჩესტერის აკადემიის აღზრდილ ტალანტთა თაობა.

 
და ყველაზე მთავარი, გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი  თავკაცობდა - პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი.

 

 

 

1. მანჩესტერ იუნაიტედი 1998/99 

 


ამ ჩამონათვალში პირველ ადგილზე პრემიერლიგის გულშემატკივრის აზრით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული გუნდი იკავებს. 1998/99 წლების სეზონის მანჩესტერ იუნაიტედი.

 
ისევე, როგორც 2008 წელს, 9 წლით ადრეც, მანჩესტერმა როგორც პრემიერლიგა, ისე ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ბექჰემის, სულშერის, გიგზის, ძმები ნევილებისშმეიხელის და სხვათა გუნდმა ტრიპლეტის შესრულება ასოციაციის თასზე გამარჯვებითაც შეძლო. 


მართალია, ტრიპლეტი ბოლო სეზონში მანჩესტერ სიტიმაც მოიგო, თუმცა ეს მხოლოდ ქვეყნის შიგნით არსებულ ტურნირებზე მოხდა. 


გამორჩეული იყო, ბარსელონაში გამართული ფინალი, რომელშიც ხუთ წუთში წითელმა ეშმაკებმა მიუნხენის ბაიერნთან შემობრუნება და ისტორიაში მეორედ ტიტულის მოგება მოახერხეს.