ნეიმარი გამოირიცხა

ბრაზილიის ნაკრები კოპა ამერიკაზე დანაკლისით ითამაშებს 

ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი კოპა ამერიკას გამოტოვებს. ამხანაგურ მატჩში, სადაც სელესაომ ყატარი 2:0 დაამარცხა, პსჟ-ს ფორვარდმა მყესის ტრავმა მიიღო და მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. მედიკოსთა განცხადებით დაზიანება სერიოზულია და ფეხბურთელი თანამემამულეებს ვერ დაეხმარება.

 

ტრავმამდეც დიდი შანსი იყო, რომ ბრაზილიელს აღნიშნული ტურნირი გამოეტოვებინა. საქმე იმაშია, რომ მის გარშემო სკანდალია, ერთ-ერთი ბრაზილიელი ქალბატონი ფეხბურთელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ვარაუდობდნენ, რომ ამის გამო სამხრეთ ამერიკელი კოპა ამერიკაზე ვერ ითამაშებდა.

 

27 წლის შემტევს არცთუ ისე წარმატებული სეზონი ჰქონდა და ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ტრავმაა. პსჟ-ს მაისურით მან 28 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.