რატომ დასვეს ნავასი?

კოსტარიკელ მეკარეს სკამი გამოუწერეს

კოსტარიკელი კეილორ ნავასი წინა და წინისწინა სეზონში მადრიდის რეალისთვის შეუცვლელი მეკარე გახლდათ, ახლა კი საქმე ისე შეტრიალდა, თამაში სანატრელი გაუხდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში რეალმა ერთი მწვრთნელი უკვე მოინელა, ნავსის საშველი მაინც არ დადგა... ზედ სეზონის დაწყებამდე ხულენ ლოპეტეგის რეალმა ჩელსიდან ტიბო კურტუა იყიდა. მწვრთნელს მალევე პოსტის დატოვება მოუხდა, მაგრამ, ჩანს, კეილორ ნავასის საშველი არც სატიაგო სოლარის ხელში არის:

 

„გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა, ახლა კი სათადარიგოთა სკამზე ვზივარ. მგონი ეს ნორმალური არ არის“, - უთხრა სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილო კოსტარიკელმა მეკარემ თვისტომ ჟურნალისტებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ კეილორ ნავასს ძირითადი შემადგენლობის პერსპექტივა არც სოლარის გუნდში აქვს, რეალის ხელმძღვანელობა მის გასხვისებაზე არც ფიქრობს. ფიქრობს კი არა, ითქვა, რომ სამეფო კლუბი კოსტარიკელ მეკარეს მალე გაუმჯობესებული პირობებით ახალ კონტრაქტს შესთავაზებსო.

 

ნავასმა ამ სეზონში სულ ორჯერ ითამაშა, ისიც აგვისტოში და ერთი გოლი მიიღო.