ყაზაიშვილი ფორმაში შედის

ვაკოს მორიგი დუბლი MLS-ში - ქართველმა სან ხოსეს მოაგებინა

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი კარგ სათამაშო ფორმაში შედის. MLS-ში მოთმაშე ქართველმა ბოლო სამ მატჩში დუბლი მეორედ შეასრულა და 5 გოლიც გაიტანა.

ვაკომ ჰიუსტონ დინამოსთან შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. გარდა 22-ე და 75-ე წუთებზე გატანილი გოლებისა, 26 წლის ქართველმა სან ხოსეს თითქმის ყველა შეტევაში მიიღო მონაწილეობა და თანაგუნდელებს საგოლე ეპიზოდიც არაერთხელ შეუქმნა.

 



ყაზაიშვილისთვის MLS-ის მიმდინარე სეზონში ეს მესამე გოლი იყო, ამდენივე ბურთი ქართველს თასზეც აქვს შეგდებული.

გამთენიისას დასრულებულ მატჩში, კალიფორნიელთა რიგებში ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა წევრმა ითამაშა - გურამ კაშიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა სრულად ჩაატარა და 77-ზე მსაჯის გაფრთხილებაც დაიმსახურა.

სან ხოსეს 22 ქულა აქვს, მეექვსე ადგილზეა და ფლეი ოფის ზონაში ფეხს ჯერჯერობით მყარად იკიდებს. ჩვენებურებს შემდეგი შეხვედრა ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლოს ანჯელეს გალაქსისთან ელით.