რუსეთი: უეფაში არ გამოვიდა? ახლა ფიფაში...

რუსულ პრესაში ხშირად იწერება ქართველი ფეხბურთელების აქციაზე, ანუ მაისურებზე ანტირუსული წარწერების თემაზე. აი, რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარის, რუსლან ნიგმატულინის კომენტარი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს ეხება.

 

 

ნიგმატულინი: რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთს გადაეკვეთონ. ქართველი ფეხბურთელები არასწორი გზით წავიდნენ. კონკრეტულად, დავით მუჯირიც. თუ არ ვცდები, ეს ზუსტად ის მუჯირია, რომელიც მოსკოვის ლოკომოტივში იყო და კარგად თამაშობდა. როგორც ვიცი, ძალიან უყვარდა მოსკოვში თამაში.  თუმცა როგორც ჩანს, ამ მოქალაქეს ახლა პოლიტიკა უფრო აინტერესებს, ვიდრე ფეხბურთი“.

 

რამდენიმე დღის წინ მუჯირმა განაცხადა: „დღევანდელი მდგომარეობით, არცერთ გუნდს სანქცია არ ემუქრება. არც უეფადან და არც ფიფადან ჩვენთან შესაბამისი განცხადება არ შემოსულა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სოლიდარობის აქცია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა გააკეთეს ჩვენი მხრიდან სრულად იქნება მხარდაჭერილი“.

რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა კი განაცხადა, ქართველმა ფეხბურთელებმა ფიფასა და უეფას წესები დაარღვიეს, ოფიციალური თამაშებისას პოლიტრეკლამა გამოიყენესო. თუმცა ლებედევი ცდება: უეფამ უკვე ოფიციალურად განაცხადა, აქცია საქართველოს ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა და არა საერთაშორისო მატჩებზე, ამიტომაც ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ამაზე უკვე გვეწერა.

ლებედევი: „რომ დაინახავენ, ქართველები არ დაისაჯნენ, ხვალ იგივეს გააკეთებენ უკრაინელი ფეხბურთელები, ზეგ ბოსნიელი მოთამაშეები კოსოვოს წინააღმდეგ გამოვლენ და ფეხბურთი პოლიტიკურ სარბიელად გადაიქცევა. უეფას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის უნდა მიეთითებინა, რომ ფეხბურთელები მართალნი არ იყვნენ და ისინი დაესაჯათ. არის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრებში რუსული პრემიერლიგის ფეხბურთელები აღარ გამოიძახონ? რუსოფობიური განწყობა სიგიჟის პიკშია. ყველანი ვხედავდით, უკრაინაში რაკიცკის რამდენი მოხვდა, როცა ზენიტში გადმოვიდა. იგივე დაიწყება საქართველოშიც. სრულიად შესაძლებელია, ამ ანტირუსულ ტალღაზე იქაურმა ფედერაციამ თქვას, საბა კვირკველია და ჯანო ანანიძე ნაკრებში აღარ გვინდაო“.  

 

 რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრ დიუკოვმაც კატეგორიულად ისაუბრა:    

 

„საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი და ეთიკური კოდექსის ნორმები დაარღვია. ქართველი ფეხბურთელების საქციელს პროვოკაციად ვაფასებთ. შიდაპოლიტიკურ თემებზე პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ ასე ფეხბურთს გადავაქცევთ დიდ პოლიტიკურ თოქ–შოუდ“.   

 

დიუკოვმა ასევე დაამატა, რომ შესაძლოა, ამ საკითხზე ფიფა–ში გაგზავნონ წერილი: რათა ფიფამ შეაფასოს ქართველი ფეხბურთელების საქციელი და სფფ–ის პოზიცია.