რივალდო: მესისთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია

რივალდო: ლეოს არგენტინასთან, ყველაფერთან ერთად, იღბალიც დააკლდა

1999 წლის ოქროს ბურთის მფლობელი, ბრაზილიელი რივალდო მიმდინარე კოპა ამერიკას გამოეხმაურა. მისი კომენტარი განსაკუთრებით საინტერესო იმიტომაც არის, რომ მსოფლიო ჩემპიონი გულგრილი არც არგენტინელი ლიონელ მესის მიმართ არის, ისინი ხომ ერთი კლუბის, ბარსელონას ლეგენდები არიან და ერთმანეთს მუდმივად გულშემატკივრობენ.

 

"ამ კოპაზე რა ხარისხის ფეხბურთსაც არგენტინა გვთავაზობს, ეს ჩემთვის მოსალოდნელი იყო. დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა გუნდში როტაცია მუდმივად მიმდინარეობს და ასეთ პირობებში მაღალ დონეზე თამაში ძალიან ძნელია. რა თქმა უნდა, ფინალში გასვლა რთული იქნება, მაგრამ როცა მესი გყავს, ყველაფერი შესაძლებელია. 

 

ლეო ფენომენალური ფეხბურთელია, რომელსაც არგენტინასთან ერთად არ უმართლებს. გაიხსენეთ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ან ჩილესთან კოპას ორი ფინალი. როდესაც 2002 წელს მუნდიალი მოვიგეთ, რონალდომ პირველი გოლი აშკარა იღბლის ხარჯზე გაიტანა, როდესაც კანს ბურთი ხელებიდან გაუვარდა და მას პირდაპირ ფეხებთან მიუგორდა... თანაც, გერმანიის  მეკარე იმ დროს  თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო იყო... იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

რაც შეეხება ბრაზილიას, მათი თამაში ძალიან მომწონს. შეუძლებელია გუნდს ნეიმარი არ დააკლდეს, თუმცა სხვა ბევრი მაგარი ფეხბურთელებიც გვყავს. შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და კოპას თუ მოვიგებთ, ძალიან ბედნიერი ვიქნები", - თქვა რივალდომ.

 

შეგახსენებთ, კოპა ამერიკას 1/4 ფინალში ბრაზილია პარაგვაის, ხოლო არგენტინა ვენესუელას დაუპირისპირდება.