ტედი რინერი: ვბრუნდები! 

გურამ თუშიშვილის მთავარი კონკურენტი ტატამს უბრუნდება

ძიუდოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფალავანი და ამ სახეობაში თანამედროვეობის ალბათ საუკეთესო მებრძოლი ტედი რინერი ტატამზე ბრუნდება. 

 

18 თვე, დიახ წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ათგზის, ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა და ორი ოლიმპიური ოქროს მფლობელმა ბოლოს იჭიდავა. ეს მარაქეშში მოხდა, მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც რა გასაკვირია, რომ ფრანგის ტრიუმფით დასრულდა.

 

ბოლო თვეების განმავლობაში, 30 წლის სპორტსმენი საჭიდაოდ არ გამოდიოდა და თავს ოლიმპიადის მესამედ მოსაგებად ამზადებდა, ახლა კი გულშემატკივრები გაახარა და თქვა, რომ ტატამზე რამდენიმე დღეში დაბრუნდება. ეს კანადაში, მონრეალის გრან პრიზზე მოხდება, რომელიც 5 ივლისი დაიწყება.

 

თითქმის წელიწადნახევარი შეჯიბრების გარეშე, ამან ძალიან შემაწუხა. თუმცა ამას თავის ლოგიკური მიზეზი ჰქონდა. ეს თვეები ტოკიოში მესამე ოლიმპიური ოქროს მედლის მოსაპოვებლად ვემზადებოდი. სპორტსმენებმა კარგად უნდა ვიცოდეთ ჩვენი ენერგიისა და ფიზიკური მონაცემების მართვა. ვფიქრობ, დაბრუნების დრო მოვიდა.

 

ძალიან ბედნიერი ვარ რადგან შემიძლია ამის თქმა: კანადაში, მონრეალის გრან პრიზზე დავბრუნდები. ეს ტურნირი მშვენიერ სპორტულ შესაძლებლობებს გვთავაზობს და ასევე კარგად ჯდება კალენდარში. კანადაში პირველად მივდივარ. აქამდეც მითქვამს, რომ კანადა ლამაზი ქვეყანაა, სადაც ცხოვრება სასიამოვნოა, ხალხი კი ძალიან კეთილგანწყობილი. მიხარია, რომ სწორედ ამ ქვეყანაში დავბრუნდები“ - თქვა 100+ კგ-ში გურამ თუშიშვილის მთავარმა კონკურენტმა.