რიქსენის ბოლო დღე გარეთ...

ჰოლანდიელი ფერნანდო რიქსენის ავადმყოფობის ამბავი ბევრმა იცის. 6 წლის დაასრულა კარიერა, ალკმაარში, გლაზგო რეინჯერსსა და ზენიტში თამაშობდა, ჰოლანდიის ნაკრებშიც იყო. რეინჯერსში შოთა არველაძისა და ზურაბ ხიზანიშვილის თანაგუნდელი გახლდათ.

რიქსენის მდგომარეობა უიმედოა, მამოძრავებელი ნეირონების დაავადება აქვს და სასიკვდილოდ განწირულია. ეს დაავადება არ ინკურნება, ტვინსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. და უკვე 6 წელია, რიქსენი ასეთ დღეშია.

 

ფეხბურთელის მეუღლე ვერონიკა რიქსენმა გაიხსენა, რომ ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ დაპატიჟათ, მაგრამ ბოლოს იგნორირება გაუკეთათ. ვერონიკა ეჭვობს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს მარადონას ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას. მოკლედ რომ ვთქვათ, შესაძლოა, კაიფში იყო და დაავიწყდა...

 

„სამი წლის წინ ფერნანდოს მშობლიურ ქალაქ ჰერლენში დაგვპატიჟეს. წვეულება იყო, რომელსაც მარადონაც უნდა დასწრებოდა. მივედით, მაგრამ არგენტინელი ვარსკვლავი არ გამოჩენილა. არადა, თითქმის ერთი კვირა იქაურ სასტუმროში დავრჩით. ელემენტარულად, მეუღლე შემეცოდა, რომელსაც დიეგოს ნახვა სურდა. უკვე ურთულეს მდგომარეობაში იყო, მაგრამ სიარულს ჯერ კიდევ ასე თუ ისე ახერხებდა. მარადონასგან ყოველდღიურად მოდიოდა ცნობა: „ხვალ მოვალ“. თუმცა ეს „ხვალ“ არ დადგა. ასე გაგრძელდა ერთი კვირა“.

 

28 ივნისი კი მძიმე დღეა რიქსენისთვის... ბოლოჯერ წარსდგება გულშემატკივრებთან, რის შემდეგაც გარეთ აღარ გავა და სახლში გააგრძელებს მკურნალობას. გამოსამშვიდობებელი საღამოა და სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლები აპირებენ მის ნახვას. დასწრება 70 ფუნტი ღირს.  

 

„მოდით, ეს საღამო ყველასთვის დასამახსოვრებელი იყოს. ეს არ იქნება ჩემი ბოლო საღამო. სიცოცხლისთის ბრძოლას გავაგრძელებ, მაგრამ მხოლოდ სახლში, ოჯახურ წრეში“ – დაწერა რიქსენმა სოციალურ ქსელში.