ყოველთვის, როცა ენფილდს ვუახლოვდები, ნაბიჯს ვანელებ და შენკლის ჭიშკართან ვჩერდები - ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან
„არ იყიდოთ სანი“ - უკვე 29 წელია ამ პრინციპით ცხოვრობს მთელი მერსისაიდი. პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდმა, 1989 წლის 16 აპრილს, სამყაროს ამცნო, რომ ლივერპულის ფანებმა გარდაცვლილები გაძარცვეს, ხოლო პოლიციელებს თავზე დააშარდეს. მაშინ, „სანს“ ამ ცილისწამებისა და უხამსობისთვის ბოდიში არ მოუხდია და ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგედიის შეურაცხყოფის გამო პასუხი არავის მოსთხოვეს.
1989 წლის 15 აპრილი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში უმძიმეს დღედ იქცა. FA თასის ნახევარფინალში ლივერპული ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდა. ჰილბოროში ლივერპულიდან 25 ათასი ფანი ჩავიდა, თუმცა ტრიბუნებზე მათთვის 14 ათასზე ოდნავ მეტი ადგილი იყო გამოყოფილი. ლივერპულიდან წამოსულ ქომაგებს ჰილბორომდე ჩასაღწევად დაბრკოლება შეექმნათ, რადგან გზატკეცილზე შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ყველაფერს ისიც დაერთო, რომ მატჩი დათქმულ დროზე 10 წუთით ადრე დაიწყო. დაგვიანებული ფანები სტადიონს მიაწყდნენ და სწრაფად შესვლას ლამობდნენ. ლივერპულის ქომაგებისთვის გამოყოფილ ტრიბუნაზე, რომელსაც ლიფინგ ლეინი ერქვა გადაივსო, ხოლო გულშემატკივართა რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობდა. წინა რიგებში მჯდომი ადამიანები ინერციით ხულიგნების დამცავი ჯებირისკენ წავიდნენ, მათ უკნიდან ხალხის მასა აწვებოდა, რასაც წარმოუდგენელი ჭყლეტვა მოჰყვა. წესით ჯებირთან პოლიცია და სტიუარდები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც ექსტრემალურ სიტუაციაში ხალხი სხვა ტრიბუნებზე გადაენაწილებინა, მაგრამ იქ არავინ აღმოჩნდა.
შედეგად ადგილზე დაიღუპა 94 ადამიანი. 4 დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ლი ნიკოლსონი, ხოლო 4 წელიწადში კომაში მყოფი ტონი ბლანდი. ჯამში ტრაგედიას შეწირულ ადამიანთა რაოდენობამ 96 მიაღწია და ყველა ლივერპულის ფანი გახლდათ.
დღეს, ლიდერსპორტის ტრადიციულ სამშაბათის რუბრიკაში „ნაწყვეტი ვარსკვლავთა ცხოვრებიდან“ ჰილსბოროს ტრაგედიის შესახებ ლივერპულის ლეგენდა - სტივენ ჟერარდი გვესაუბრება.
,,ყოველთვის, როცა ენფილდს ვუახლოვდები, ნაბიჯს ვანელებ და შენკლის ჭიშკართან ვჩერდები. ჩემი მზერა ჰილსბოროს მემორიალზეჩერდება. ვხედავ ყველაფერს, რაც მის ირგვლივ არის დატოვებული, რაც იმ 96 ადამიანის ხსოვნას ეძღვნება, რომლებიც 1989 წელსსათასო ნახევარფინალიდან შინ ვეღარ დაბრუნდნენ. ვხედავ შარფებს, ფანების მიერ დაღუპულთა საპატივცემულოდ მიკრულსგისოსებზე, რომელთაც მეზობლობას თვალზე ცრემლშეუმშრალი მგლოვიარე ოჯახების მიტანილი გვირგვინები უწევს. ვხედავმარადიულ ცეცხლს, რომელიც არასდროს ჩაქრება, რადგან ამცნოს მსოფლიოს, რომ ის 96 დაღუპული ყოველთვის ჩვენს მახსოვრობაშიიქნება.
ნელი სვლით ვუახლოვდები მემორიალს და თვალის ერთი გადავლებით ჩავიკითხავ გვარებს, რომლებიც ლეპინგზ ლაინის ტრიბუნისქვეშ დაეცნენ და ვეღარასდროს ადგებიან. ერთი გვარი იპყრობს ჩემს მზერას. ჯონ-პოლ გილჰული - 10 წლის ბავშვი, ყველაზე პატარამათ შორის ვინც შეფილდიდან ვერ დაბრუნდა. გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის ქომაგობას შეეწირა. ბიჭუნა, რომლისსიცოცხლეც ადრეულ ასაკში შეწყდა. მე ვიცნობდი ჯონ-პოლს. ის ჩემი ბიძაშვილი იყო. ზურგზე ცივი ოფლი მასხამს. არასდროსმავიწყდება პირჯვრის გადაწერა და გზას ვაგრძელებ..." - ამბობს სტივენ ჯერარდი.