ტოჩინოშინი: მარჯვენა მუხლში ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ეს ვერ შემაჩერებს

ქართველ გოლიათს  მებრძოლი სულისთვის  განკუთვნილი ჯილდო 6-ჯერ აქვს მოპოვებული

ქართველი ოძეკი, ლევან გორგაძე ნაგოია ბაშოს დაწყებამდე საბრძოლო განწყობაზეა.  როგორც გაირკვა, მარტის ტურნირზე ენდოსთან მიღებული ტრავმა ისევ  აწუხებს, თუმცა  ტკივილი არ აშინებს  და  ჩემპიონის შესაფერისი სუმოს ჩვენებას  გეგმავს.

 

„დღეს დილას ტაჩიაიზე  (თავდაპირველი შეტაკება) კარგად შევედი, თუმცა  მარჯვენა მუხლში  მცირე ტკივილი ისევ  ვიგრძენი. ვარჯიში შემიძლია,  ასე რომ ვიბრძოლებ“

 

ტოჩინოშინი 16-22 ივნისს  საქართველოში იმყოფებოდა, სადაც  ქართველ გულშემატკივრებთან ერთად ოძეკის რანგის დაბრუნება იზეიმა.

 

ლევანს ასანოიამას შესახებაც  ჰკითხეს,  ვისთანაც ხშირად  ვარჯიშობდა. მოგეხსენებათ, მარტის  ბაშოზე ლიდერობისთვის ბრძოლისას ტოჩინოშინს იაპონელთან გამარჯვება მოპარეს.

 

„თუ კი მოისურვებს, ასანოიამასთან სიამოვნებით გავაგრძლებ ვარჯიშს.  ვფიქრობ, ერთად უკეთ მოვემზადებით“, - თქვა ქართველმა

 

ნაგოია ბაშო სტარტს 7 ივლისს აიღებს.