არ მსურს მიღწეულით დავკმაყოფილდე!

-ადრე სისულელეებზე ფიქრს ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი!

მან ჩოგანი პირველად ხელში 5 წლის ასაკში აიღო. ეს ის პერიოდია ბელგრადის თავზე ყოველღამე ბომბები რომ ცვივა, თუმცა ჭურვებს გადაურჩა „გემაქსის“ საჩოგბურთო კომპლექსი, რომელმაც მოგვიანებით არაერთი სახელოვანი ჩოგბურთელი აღზარდა.

სწორედ ამ კომპლექსში აიდგა ფეხი ნოვაკ ჯოკოვიჩმაც, თუმცა 1992 წელს, როდესაც ნოლემ საჩოგბურთო ანა-ბანას შესწავლა დაიწყო სერბეთში, მაშინდელ იუგოსლავიაში არავის ეჩოგბურთებოდა.

ჯოკოვიჩი კი ყოველდღე ვარჯიშობდა, ღამ-ღამობით კი მშობლებთან ერთად შენობიდან-შენობაში გადარბოდა, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდ ჩოგბურთში შურდულივით შემოიჭრა და სპეციალისტთა გაოცებაც დაიწყო. პირველი დიდი სლემის ტურნირი მან 2008 წელს მელბურნში მოიგო. შემდეგ კი დაიწყო და დაიწყო. ნოლე ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი  6-ჯერ გახდა, ჯამში კი დღემდე 12 დიდი სლემის ტურნირის თასი აღმართა. რაც შეეხება ATP-ის ტიტულებს, მის ანგარიშზე 68 ჯილდოა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი თითქმის 2 წელი იყო რეიტინგის პირველი ნომერი. ახლა ის მეთორმეტეა, თუმცა ამას თავისი ახსნაც აქვს. ნოლეს ტრავმის გამო 2017 წლის სეზონის ნახევარი მთლიანად გაუცდა.

 

15 იანვარს, მელბურნში, 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობა იღებს სტარტს და ჯოკოვიჩიც სწორედ მის საყვარელ ტურნირზე უბრუნდება კორტს.

მანამდე კი არ დაიზაროთ და ჩვენს ტრადიციულ ოთხშაბათის რუბრიკაში გაეცანით ნოვაკ ჯოკოვიჩის ცხოვრების წესს

 

-ჩემი შეტევითი ჩოგბურთის მთავარი საიდუმლო სპორტული ფეხსაცმლის ზონრებშია!

-როგორ ვხვეწდი მოწოდებას? ვარჯიშებზე დაახლოებით ათასამდე ჩაწოდებას ვაკეთებდი. თავდაუზოგავი შრომა და მოთმინების უნარი ბევრს ნიშნავს!

-თუ კორტზე თავიდანვე თეთრი დროშის ქნევით გამოდიხარ, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?

-ჩემი საყვარელი ფრინველი შევარდენია. ვფიქრობ, რომ ის ჩემს ხასიათშია. კორტზე ემოციური ვარ და აგრესიულადაც ვთამაშობ, რაც შევარდენსაც ახასიათებს.

-ბრიტანეთითად არაერთი სარფიანი შემოთავაზება მქონდა. მათ სჭირდებოდათ ენდი მარის დონის კიდევ ერთი მოთამაშე. მე მათ შევუთვალე - რა სისულელეა? სერბი ვარ და მუდამ ვიამაყებ ჩემი სამშობლოთი!

-მუსიკალურ ინდუსტრიაშიც მსურს ძალების მოსინჯვა და კარიერის მოწყობა!

-შაკირას კლიპზე, ჩემი, ტროიცკის და ნადალის მონაწილეობით გაკეთებული პაროდიით დღემდე ვამაყობ!

-საუკეთესო საჩუქარი, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია ჩემი ძმები და შვილები არიან!

-უდიდესი სურვილი მაქვს ჩემმა ძმებმა უფრო უკეთესად იცხოვრონ, ვიდრე მე. ახლა მე ძლიერი ფინანსური შესაძლებლობები მაქვს და შემიძლია მათ ხელი გავუმართო. მათ ასაკში მე ეს ფუფუნება არ მქონია!

-სანამ ვიზრდებოდი, ჩემმა ქვეყანამ ორი ომი გადაიტანა. ასე რომ, როდესაც უკან იხედები და გადაფასებას აკეთებ ხვდები, რომ გარკვეული რაღაცეების უფრო მეტად დაფასებას იწყებ. რა თქმა უნდა მტკიცებას არ დაგიწყებთ, რომ თქვენზე მეტად მიყვარს ჩემი სამშობლო, მაგრამ ჩემმა ქვეყანამ გაცილებით რთული გზა გაიარა, ვიდრე თქვენმა - ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია!

-ღამ-ღამობით მეღვიძებოდა და შეშინებული დედის სახეს ვხედავდი. ეს მართლაც საშინელი პერიოდი იყო. ორი თვის მანძილზე ყოველ ღამე გვბომბავდნენ და მახსოვს როგორ გადავრბოდით შენობიდან შენობაში უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად!

-არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ამბობენ, რომ ჩოგბურთში ჩვენით დაიწყო ახალი ერა!

-სერბეთის ნაკრებს აქვს ის, რაც არავის არასდროს ჰქონია. ჩვენ მეგობრები არა მხოლოდ კორტზე, არამედ ცხოვრებაშიც ვართ. სწორედ ეს დაგვეხმარა დევისის თასის მოგებაში!

-საჩოგბურთო სეზონი გრძელია, მაგრამ ისეთი ტურნირისთვის, როგორიც დევისის თასია, დრო და ენერგია ყოველთვის უნდა გამონახო!

-ეროვნული ნაკრების მაისურით თამაში განსაკუთრებული გრძნობაა. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ ნაკრებს არასდროს დავაკლდე. 2010-2012 წლებში სერბეთის ნაკრების არცერთი მატჩი არ გამომიტოვებია!

-სიცხეს ვერ ვიტან!

-ჩვენ პროფესიონალმა სპორტსმენებმა არასოდენ უნდა ავურიოთ პოლიტიკა სპორტში. ჩვენ მხოლოდ საკუთარი საქმით უნდა დავამტკიცოთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ქვეყნისთვის!

-ადრე, მატჩის შემდეგ ტანსაცმელს თავად ვრეცხავდი, რადგან მაშინ თითოეულ ევროსაც ჩემთვის ოქროს ფასი ჰქონდა!

-ანა ივანოვიჩს 5 წლიდან ვიცნობ. ერთად ვთამაშობდით ყველა ახალგაზრდულ ტურნირებზე. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩემთვის მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სპორტსმენია!

-ხანდახან ხედავ, რომ შენი დღე არ არის და კარგადაც ვერ თამაშობ, მაგრამ მაინც უნდა ეძებო გამარჯვების გზები!

-გაზაფხულობით ყვავილებზე საშინელი ალერგია მემართება!

-მე არასდროს განვეკუთვნებოდი ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც ფავორიტის სტატუსის მქონე ჩოგბურთელებთან წაგებას წინასწარვე შეგუებულნი იყვნენ.

-სერბული ცხოვრებიდან ბევრი ისეთი რამ მახსოვს, რასაც სიამოვნებით დავივიწყებდი!

-გაცილებით მეტ დროს ვატარებ სერბ და ხორვატ ჩოგბურთელებთან. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ და ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გვიადვილებს!

-ახლა უფრო მოწიფულ სპორტსმენად ვთვლი თავს, ვიდრე 3-4 წლის წინ ვიყავი!

-მელბურნში პირველი დიდი სლემის მოგების შემდეგ გასახდელინად ღამის 2 საათზე წავედით. მეტი არაფერი მახსოვს, გარდა იმის, რომ ცალ ხელში ჩანთა, მეორეში კი თასი მეჭირა!

-ყოველთვის ვიცოდი და ვაცნობიერებდი, რომ თუ მსურდა მსოფლიოში საუკეთესო გავმხდარიყავი, რაც შეიძლება მეტი დიდი სლემის ტურნირი უნდა მომეგო!

-არ მსურს მიღწეულით დავკმაყოფილდე!

-უპირველესად მთავარია დარჩე ჯანმრთელად, შემდეგ კი ახალ გამოწვევებზე იფიქრო!

-რაც უფრო დიდხანს ხარ ტურში, მითუფრო ჭკვიანი ხდები!

-ადრე სისულელეებზე ფიქრს ძალიან ბევრ დროს ვუთმობდი!

-პროფესიონალური და პირადი ცხოვრება ერთმანეთს არასდროს უნდა დაუკავშირო!