რაფაელ ნადალი: ყველაფერი ან არაფერი!

-დიახ, ხანდახან რეიტინგის პირველი ნომრებიც აგებენ!

ყველაზე ტრაგიკული კაცი ჩოგბურთელი?  ტრაგიკული ფიგურა და 16 დიდი სლემის ჯილდო თითქოს ერთმანეთს არ შეესაბამება, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მას არ გაუმართლა, რადგან ჩოგბურთის თამაში ორი დომინანტის (როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი) და კიდევ არაერთი უმაღლესი დონის მოთამაშეებთან მოუხდა.

შესაძლოა ბევრს და მათ შორის ამ სტრიქონების ავტორსაც ეს მოსაზრება სასაცილოდაც არ ეყოს, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ 16 მოგებული მეიჯორიდან 10 როლან გაროსია, ხოლო 75 ATP-ის ტიტულიდან უმეტესობა საგრუნტო.

უდიდესი ესპანელი ჩოგბურთელი და ე.წ. „ღია ეპოქის“ თვალსაჩინო წარმომადგენელი რაფაელ ნადალი ტურში შურდულივით შემოიჭრა და 19 წლის ასაკში უკვე დიდი სლემის თასიც დაისაკუთრა. 2011 წლამდე ნადალმა არ იცოდა თუ რას ნიშნავს მუდმივი მარცხი. ადრეულ ასაკში მან ორჯერ წააგო და ორივეჯერ უიმბლდონის ფინალში როჯერ ფედერერთან. 2008 წელს კი იმავე ფედერერს, უიმბლდონზე, ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და უდიდესი ფინალი მოუგო.

რაფა გრუნტის მეფეა და ამას საჩოგბურთო სამყარო დიდი ხანია შეეჩვია. თიხის საფარზე მას ბადალი არ ჰყავს. ყველა იმ ტურნირზე, რომელიც გრუნტზე იმართება და მასში ნადალი მონაწილეობს, დანარჩენების საფიქრალი მხოლოდ ის არის ფინალამდე მივიდნენ - იქ კი ესპანელის დამარცხებაზე მხოლოდ თუ იოცნებებენ.

საოცარი რეალი, ბარსელონა და ესპანეთის ნაკრები, რომლებმაც ფეხბურთში თითქმის ყველაფერი მოიგეს, საკალათბურთო ნაკრები, რომელსაც წლებია ევროპაში დომინანტის სახელი აქვს დაგდებული, ფორმულა 1-ის პილოტი, მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ალონსო და ესპანური და არა მხოლოდ ჩოგბურთის სიმბოლო რაფაელ ნადალი. რაფას ფენომენს ეს ახსნა ესპანური სპორტის ჟამთააღმწერლებმა მოუფიქრეს.

მალიორკელი ჩოგბურთელის თავგადაკლულ ქომაგებს ეცოდინებათ, რომ ნადალი 12 წლამდე ფეხბურთსაც თამაშობდა და არცთუ ურიგოდ. მისი სახით მსოფლიო ფეხბურთმა დაკარგა თუ არა დიდი ვარსკვლავი უკვე ვეღარასოდეს გავიგებთ, მაგრამ ფაქტია, რომ საჩოგბურთო სამყარომ ამით უდავოდ იხეირა.

todo o nada - ყველაფერი ან არაფერი, ეს რაფაელ ნადალის ფილოსოფიაა. დღეს, ლიდერსპორტის ოთხშაბათის ტრადიციულ რუბრიკაში „ცხოვრების წესი“ გრუნტის მეფეს და ჩოგბურთის მატადორს შეგახვედრებთ.

 

-მარცხი მტერი არ არის. ჩემი უმთავრესი მტერი წაგებისადმი შიშია!

-მინდა ისე განვეწყო, რომ მარცხისგან ტრაგედია არ შევქმნა. ეს ხომ მხოლოდ საჩოგბურთო მატჩია. ბოლოს და ბოლოს ცხოვრებაში სხვა მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არსებობს!

-თუ მაქსიმუმს ვიღებ, გამოდის რომ ჩემგან მეტი აღარ უნდა მოითხოვონ, ხომ სიმართლეა? ასე, რომ თუ ერთ ტურნირზე ჩავფლავდები, გადავალ მეორეზე. იქაც თუ წავაგებ გავაგრძელებ მესამეზე და ასე დაუსრულებლად, ვიდრე პროფესიონალურ სპორტს არ შევეშვები!

-ხანდახან ხალხს ჰგონია, რომ გამარჯვებას მხოლოდ ფიზიკური გამძლეობიას ხარჯზე ვახერხებ, მაგრამ ცდებიან. როდესაც ვიგებ, კარგადაც ვთამაშობ!

-დიახ, ხანდახან რეიტინგის პირველი ნომრებიც აგებენ!

-თამაში უნდა გიყვარდეს და კორტზე ყოფნისას ყველა ეპიზოდს აფასებდე, მაშინაც კი, როდესაც საქმე კარგად არ მიგდის!

-მეტოქეებში უდავოდ გამიმართლა. ისინი მაძლევენ სტიმულს და მოტივაციას კიდევ უფრო მოვუმატო, წინააღმდეგ შემთხვევაში გვამი ხარ. ეს კონკურენციაა!

-თანამედროვე ჩოგბურთში მიაღწიო წარმატებას ურთულესი საქმეა. მე კი მხოლოდ ერთი მოთამაშე ვარ. ყველა დიდ ტურნირზე საუკეთესოთა შორის საუკეთესოებთან ჭიდილი გიხდება. ფინალში შემთხვევითი მოწინააღმდეგე ვერ გეყოლება!

-რა სხვაობაა თევზაობის დროს თევზსა და კორტზე მეტოქეს შორის? თევზს ვერ ვხედავ, მოწინააღმდეგეს კი პირდაპირ ვუყურებ. საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს პრინციპული მეტოქე. ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ და ერთ პრო-ტურში ვთამაშობთ!

-ბუნებრივია, მოწინააღმდეგე ყოველთვის უნდა დააფასო და დაუშვა ის ვარიანტი, რომ მასთან წააგებ. მეხუთასე ჩოგანსაც ისეთი შემართებით უნდა ეთამაშო, როგორც პირველს და მეორეს. ამის გათვითცნობიერებაში ბიძა დამეხმარა!

-მე და ფედერერი განსხვავებული ნიჭის პატრონები ვართ!