ფრენკ ლამპარდი: ხანდახან ცინიკოსი ნაბიჭვარიც ვარ!

ჩელსი ყოველთვის დარჩება ჩემს სახლად 

ის საფეხბურთო სამყაროში ცნობილია, როგორ „სუპერ ფრენკი“ და  ლონდონში, დიდი საფეხბურთო ტრადიციების მატარებელ ოჯახში დაიბადა. ბიძამისი, ჰარი რედნაპი საფეხბურთო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებაა. ერთი ხანობა ის პორტსმუთს წრთვნიდა და ზოგადადაც არაერთი პრემიერლიგური გუნდი დამრიგებელი ყოფილა. ბიძაშვილი, ჯიმი რედნაპი კი ფეხბურთელი გახლდათ და ინგლისის ეროვნულ ნაკრების მაისური 17-ჯერ მოურგია. მას ასევე დაუცვია ისეთი კლუბების ღირსება, როგორებიცაა საუთჰემპტონი, ტოტენჰემი და ლივერპული.

ფრენკ ლამპარდზე მოგახსენებთ. ახლო წარსულში ჩელსის და ინგლისის ნაკრების სულსა და გულზე. ლამპარდი არისტოკრატებმა 2001 წელს, 11 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინეს, ხოლო პრემიერლიგაში დებიუტი იმავე წლის 19 აგვისტოს ჰქონდა.

2005 წელს, ლამპარდი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში მეორე ადგილზე გავიდა, დამარცხდა რა რონალდინიოსთან.

ფრენკ ლამპარდს ჩელსის რიგებში მოგებული აქვს პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ნაკრებში კი 106 მატჩში 29 გოლი გაიტანა. ფრენკმა კარიერა 2016 წლის მიწურულს დაასრულა.

ბოლო ხანს დაირხა ხმები თითქოს მომავალი სეზონიდან ანტონიო კონტეს ნაცლად ჩელსის გაწრთვნას სწორედ ფრენკ ლამპარდს ანდობენო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი ლიდერსპორტის ტრადიციულ ოთხშაბათის რუბრიკაში „ცხოვრების წესი“  „სუპერ ფრენკს“ შევხვდეთ და უფრო ახლოს გავიცნოთ.

 

-ამა თუ იმ დროს, კრიტიკა რომელიც თავს გატყდება ცდილობ გამოიყენო უფრო მეტად გაძლიერებისთვის. ჩვენ ვისწავლეთ კრიტიკას შევხედოთ და გავაანალიზოთ განსხვავებული მხრიდან, რაც აუცილებლად გამოგვადგება სამომავლო წარმატებებისთვის!

-ახლანდელი თაობა ძველებს ბუცებს აღარ უწმინდავს, ჩვენს დროს კი ასე არ იყო!

-ჩვენ არ ვართ დაუმარცხებელნი. დაუმარცხებელი გუნდები უბრალოდ არ არსებობენ. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაცემა და რეგრესი გარდაუვალი იქნება!

-ჩვენ, ყველას, თავის დროზე IQ-ზე ტესტი ჩაგვაბარებინეს. მე ის გავიარე და როდესაც მითხრეს, რომ 150 ქულა დავიმსახურე არც კი ვიცოდი ეს ცოტა იყო თუ ბევრი!

-ერთადერთი რამ, რაც იმაზე მაღლა დგას, რაც მოედანზე ხდება ეს ჩემი ქალიშვილის დაბადებაა. ყოველ დილით უყურო მის მომღიმარ სახეს არაფერი შეედრება. მისი დაბადება ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ეპიზოდია!

-ჩელსიში 11 წელი დამჭირდა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად!

-ცხოვრებაში ადვილად არაფრისთვის მიმიღწევია. არც მოედანზე და არც მის მიღმა. ვაფასებ იმას, რაც მაქვს, რადგან ბავშვობაში მასწავლეს, რომ ძღვენი და ჯილდოები მხოლოდ უდიდესი შრომის ხარჯზე მოდის!

-არაფერი შეედრება იმ ემოციებს და გრძნობებს, როდესაც აცნობიერებ, რომ მოედანზე გამოდიხარ და შენს ქვეყანას წარმოადგენ!

-ჩელსი ყოველთვის დარჩება ჩემს სახლად და მუდამ იქნება ჩემს გულში!

-ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში ასე გამიმართლებდა. ფეხბურთს ასეთ დონეზე ვითამაშებდი და ამდენი ამაღლებული ეპიზოდის მონაწილე გავხდებოდი!

-ჩემი ცოლი ადრე ყოველთვის მეხუმრებოდა, რადგან შეუძლოდ ყოფნის დროს, 29 წლის ასაკშიც მხოლოდ დედაჩემს ვურეკავდი და მოსვლას ვთხოვდი. შემდეგ მან დაგვტოვა და ეს საშინელება იყო!

-გამოგიტყდებით და ხანდახან ცინიკოსი ნაბიჭვარიც ვარ!