გავედით შესვენებაზე

ვინ ელოდა, რომ თბილისის დინამო ზაფხულის შესვენებაზე ლიდერის რანგში გავიდოდა? ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავდა. 

 თუმცა ესპანელი ჩისკოს გაწვრთნილებმა ბოლო 7 მატჩი მოიგეს, ხოლო დანარჩენებმა ბოლო ტურები ჩააგდეს.

 

მაგალითად, ბათუმის დინამომ ბოლო ოთხი მატჩიდან ვერცერთში ვერ გაიხარა, საბურთალოს სამი მოუგებელი მოუგროვდა, ქუთაისის ტორპედო კი ისეთ დღეშია, მათი ცუდი შედეგი არავის გაჰკვირვებია: ლამის მთელი გუნდი წავიდა ფინანსური არეულობის გამო. ახლები კი დაიმატეს და კიდევ დაიმატებენ, მაგრამ შესაფერისი დონისა რა გითხრათ.

 

თბილისის დინამო ტურიდან ტურამდე უმატებდა. ეს ჩანდა, გუნდის შეთამაშებას დრო სჭირდებოდა, ხოლო დინამოელებს რომ აქვთ პირობები, ისეთი არავის აქვს საქართველოში. უპირველესად ინფრასტრუქტურა. ბევრს ნიშნავს, როცა მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, მიდიხარ კარგ ბაზაზე, გარემოს გრძნობ.

 

ასეა თბილისის ლოკომოტივიც და დიდწილად ესეც განაპირობებს გუნდის კარგ შედეგს, უბრალოდ, ლოკოს დინამოელებთან შედარებით დაბალი რესურსი აქვს. ლევან კორღალიძე კი სეზონის მწვრთნელი–აღმოჩენაა: თითქმის ყველა მატჩი მოიგეს მისი თავკაცობით, მათ შორის, სამივე ლიდერთან.

 

საჩხერის ჩიხურას სერიები აქვს. ერთი პერიოდი წამოიწია, მაგრამ სად შარშანდელი კონტიგენტი და სად ახლანდელი? სოსო ფრუიძის გუნდი ხშირად ფრეს თამაშობს და ცხრილის შუაშია. ასეთი შემადგენლობით თუ გააგრძელებს, ალბათ, დაახლოებით ამავე ადგილზე დარჩება.

 

კარგად რომ დაიწყო სეზონი და მაისიდან მოყოლებული აურია, ასეთი ბოლნისის სიონია. აქაც კონტიგენტის პრობლემაა. თემურ შალამბერიძის გუნდი ძალიან შირადაა დემორალიზებულ მდგომარეობაში. ფაქტობრივად, მთლიანად იშლება ხოლმე. განსაკუთრებით თვალსაჩინო ჩანს ეს დაცვაში და ნახევარდაცვის ცენტრში (ყველაზე საკვანძო პოზიციებია და რაღა დარჩა...). 52 გოლი გაუშვეს! ძალიან ბევრია. 11 წაგება აქვთ და აქედან 6 დიდი ანგარიშით.

 

პირიქითაა რუსთავი, რომელიც უიმედო აუტსაიდერად მოჩანდა და მერე მოგებები დაიწყო. ეს უკვე ვარლამ კილასონიას მწვრთნელობის პერიოდში. მარტო ის რად ღირს, რომ ჩემპიონ საბურთალოსთან 4 ქულა აიღეს. გუნდს ბოლო 5 თამაშია, არ წაუგია.

 

რუსთავის ადგილი დაიკავა ვიტ ჯორჯიამ, რომელსაც 12 ფეხბურთელი გამოაკლდა. 5 გარიგებული მატჩებისთვის, 7 – მას მერე, ფინანსური კრიზისის გამო. ახლა დუბლებიდან დაწინაურებულ ფეხბურთელებს ათამაშებენ, ხოლო დუბლები... რანგით მეხუთე ლიგაში გამოდიან. მოკლედ, ახალი გუნდის გაკეთება მოუწევს ვიტ ჯორჯიას.

 

არაერთი თამაში იყო, რომელიც კარგად დაგვამახსოვრდა. მაგალითად, გასულ ტურში დინამოების ჯახი: თბილისელებმა ბათუმელებს 2:1 აჯობეს. მაგარი ატმოსფეროა ბათუმში: გულშემატკივარი ტრიბუნებს ავსებს და ეს თამაშსაც ელფერს მატებს.

 

ქართული კლუბები (ყველა არა) მოიკოჭლებენ სელექციაში და არასწორ მენეჯმენტშიც. უფრო სწორად, კი არ მოიკოჭლებენ, ამ მხრივ დაბალ დონეზე არიან. ხდება ასე, მოიყვანენ ოდესღაც კარგად ნათამაშევ ფეხბურთელს, რომელსაც სხვებზე დიდ ხელფასს უნიშნავენ და შესაბამის საქმეს ვერ აკეთებს. დიდწილად ამან განაპირობა ბევრ კლუბში ბიუჯეტის გაბერვა და დავალიანებები...

 

21 მატჩში 290 გავიდა. საშუალოდ, 2,76. კარგი ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ, მაგრამ ბევრნი არა: ირაკლი აზაროვსა და გიორგი აბუაშვილს თბილისის დინამოში ჰქონდათ დებიუტი, ნიკა ნინუა უფრო საკვანძო ფიგურა გახდა. ასევე, ზურაბ მუსელიანი ვიტ ჯორჯიადან, მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მცველი ცოტნე კაპანაძე რუსთავიდან...

 

ეროვნული ლიგა 2 აგვისტოს განახლდება. დროებით.