ჩაი

რა დალიეს ბოსტონში 1773 წლის 16 დეკემბერს...

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ორი მატჩი დარჩა სათამაშო. 6 ივლისს, ნიცაში, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ინგლისის და შვედეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან, მეორე დღეს კი მთავარი მატჩი ლიონში იქნება - ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი აშშ-ის ნაკრები, მოქმედ ევროპის ჩემპიონ ჰოლანდიას შეხვდება.

 

ტურნირს სკანდალებიც არ აკლდა. ჯერ იყო და, კამერუნელი გოგონები არ აპირებდნენ ინგლისთან შეხვედრის მეორე ტაიმში მინდორზე გასვლას და ბრიტანელები რასიზმსა და სექსიზმში დაადანაშაულეს, მერე ამერიკელთა ლესბოსელმა ლიდერმა, მეგან რაპინომ დაიქადნა, ტურნირი რომც მოვიგოთ, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში მიღებაზე მაინც არ მივალო. ინგლისელთა მწვრთნელმა ფილ ნევილმა კი აშშ-სთან ნახევარფინალის წინ ამერიკელი მწვრთნელები სასტუმროში ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

 

... მაგრამ ნამდვილი ჭურვი მაშინ აფეთქდა, როცა ხსენებულ ნახევარფინალში (რომელიც ამერიკელებმა 2:1 მოიგეს), ამრიკელთა მომხიბლავმა თავდამსხმელმა ალექს მორგანმა, გატანილი გოლი თავისებურად აღნიშნა - მან ხელი ტუჩებთან მიიდო და ისეთი ჟესტი გამოსახა, თითქოს ჩაის სვამდა. ფოტოებზე შესაძლოა, ვერ მიხვდეთ რას ნიშნავს ეს ჟესტი. თუმცა თავად მორგანმა დაადასტურა, რომ სწორედ ჩაის სმის პროცესს გულისხმობდა.

 

 

დაბნეული მკითხველი იკითხავს: რა დიდი დანაშაული ჩაის სმა არისო? 

 

სააქმე ისაა, რომ ამ ჟესტით ცნობილი ბოსტონის ჩაის სმა იგულისხმა (The Boston Tea Party). 1773 წლის 16 დეკემბერს, ამერიკელმა რევოლუციონერებმა ბრიტანული მთავრობის წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს და დაუმორჩილებლობის აღსანიშნავად სიმბოლურად ჩაის სმის აქცია ჩაატარეს. ითვლება, რომ სწორედ ეს აქცია გახდა ამერიკული რევოლუციის დასაწყისი, რომელის შედეგად აშშ-ის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. თანაც ორ დღეში ამერიკის დამოულიდებლობის დღე უწევდა (4 ივლისი) და ამ ამბის ყველასათვის შესახსენებლად ფეხბურთელები როდისღა იპოვნიდნენ.

 

ატყდა ერთი ამბავი. თან ამერიკელებმა თამაშიც მოიგეს, რითაც ინგლისელ ქომაგებს ორმაგი დარტყმა მიაყენეს.

ცნობილმა ინგლისელმა ტელეწამყვანმა პირს მორგანმა, აღშფოთება ვერ დამალა თავისი მოგვარის ჟესტის გამო, ეს რა იყოო - იკითხა და მორგანის ჟესტი პროვოკაციად მონათლა. მას მხარი FoxNews-ის ჟურნალისტმა, მართა მაკკალუმმაც აუბა მხარი და განაცხადა: ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია სპორტისთვის. არაფერი აქვს საერთო პატიოსან შეჯიბრთანო. 


„ეს ომის გამოცხადებას ჰგავს. ვიმედოვნებ, ერთხელაც, როცა ამერიკელებს დავამარცხებთ, რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი „ბიგ მაკს შეჭამს დიდი კარტოფილით,“ - თქვა მორგანმა.

ჟესტით ინგლისელი ფეხბურთელები შეურაცხყოფილნი დარჩნენ. მათმა თავდამსხმელმა ლიან სანდერსონმა მომხდარს სიმდაბლე უწოდა და არა მხოლოდ პოლიტიკური ქვეტექსტი დაინახა: „შეიძლება ვცდები, თუმცა მგონი მორგანმა ჩვენი ჩაის სმის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია მასხრად აიგდო,“ - თქვა სანდერსონმა,

თავად მორგანმა განაცხადა, რომ უბრალოდ ორიგინალურად უნდოდა გოლის აღნიშნვა. მას ყოფილი პირველი ლედი ჰილარი კლინტონიც დაეთანხმა და მადლობა უთხრა იმისთვის, რომ სწორედ ასე აღნიშნა გოლი.