რობენი: გადავწყვიტე, მივდივარ! 

ჰოლანდიელმა ლეგენდამ პროფესიონალური კარიერა დაასრულა 

 

არიენ რობენი ფეხბურთიდან წავიდა. ჩელსის, მადრიდის რეალის, ბაიერნის და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა. 


35 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ, რეკორდმაისტერთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებაც და MLS-ში გადაბარგებაც იუარა და დასვენება არჩია. 


რობენს ამერიკის გარდა შეთავაზებები მშობლიური პსვ-დან და გრონინგენიდანაც ჰქონდა. 


"ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან ბევრს ვფიქრობდი. როგორც იცით, ბაიერნში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ ჩემს მომავალზე განმარტებას რამდენიმე დღეში გავაკეთებდი. ეს ყველაზე საკამათო და რთული გადაწყვეტილება იყო, რაც კარიერის განმავლობაში მიმიღია. კამათისას ერთმანეთს ჩემი გული და გონება დაუპირისპირდა და აი, გადავწყვიტე: მინდა რომ ფეხბურთელის კარიერა დავასრულო. 


რა თქმა უნდა, ისევ მინდა, რომ საფეხბურთო მოედანზე მთელს მსოფლიოს დავუპირისპირდე, მაგრამ რეალობა ამ სურვილს ეწინააღმდეგება. მე აღარ ვარ 16 წლის ბიჭი, რომელსაც ყველა ტრავმასთან გამკლავება შედარებით მარტივად შეუძლია. ამ ასაკში ყველაფერი ისე აღარ ხდება როგორც გვსურს. 
ამჟამად ჯანმრთელად ვარ და შემიძლია, რომ ბედი სხვა ბევრ სპორტის სახეობაში ვცადო",-თქვა არიენ რობენმა

 

რობენმა კარიერაში ესპანეთის, ინგლისის და გერმანიის ჩემპიონობა არაერთხელ იზეიმა, მიუნხელებთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და 2010 წელს მსოფლიო თასის ფინალშიც ითამაშა.