ნეიმარმა პსჟ გადააგდო

ნეიმარის ამბავი 

ნეიმარის სატრანსფერო საგა ახალ ეტაპზე გადავიდა. პარი სენ-ჟერმენმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი წინასასეზონო შეკრებაზე არ გამოცხადდა. ის 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არ დაბრუნდა. „პსჟ-ს ხელმძღვანელობა წუხს მომხდარზე და საპასუხო ზომებს მიიღებს,“ - წერია კლუბის განცხადებაში.

 

ვითარების განმუხტვა ნეიმარის მამამ სცადა: „მისი არჩამოსვლის შესახებ კლუბში იცოდნენ. ყველაფერი ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ დაიგეგმა. ჩემი შვილი საქველმოქმედო ფონდ Instituto Neymar Jr-ის მუშაობაში მონაწილეობს. ღონისძიების გადადება არაფრით შეიძლებოდა და ის 15 ივლისს დაბრუნდება გუნდის განკარგულებაში. ყველაფერი მარტივადაა. არავითარი დრამა. ამ ფონდის საქმიანობაში პსჟ-ც ხომ მონაწილეობს,“ - თქვა მამა ნეიმარმა. 

 

ცხადია, უფროს ნეიმარს არავინ დაუჯერა.

 

 

ნეიმარის კლუბთან მორღვეული ურთიერთობის შესახებ პირველად UOL Esporte-მ დაწერა. მათი ინფორმაციით, გასულ კვირას ფეხბურთელს ტელეფონით უსაუბრია პარიზულ კლუბში სპორტულ დირექტორად დაბრუნებულ ლეონარდოსთან. ამ უკანასკნელს აუხსნია პსჟ-ის მომავალი გეგმები. ნეიმარს უპასუხია: ყველაფერი მომწონს, მაგრამ მაინც წასვლას ვამჯობინებო.

 

მანამდე ნეიმარს პსჟ-ის სხვა ბრაზილიელებისთვისაც (ტიაგუ სილვა, მარკინიოსი და დანი ალვეში) ურჩევია დაეტოვებინათ გუნდი.

 

ფრანგული Get French Football News გვამცნობს, რომ დილის გაზეთებში არაფერი ეწერა ნეიმარის და კლუბის ხელმძღვანელობის კონფლიქტის შესახებ. გვიან ჩამოვა და ეს ნორმალურიაო, - წერდნენ.

 

მაგრამ კლუბს რომ ბრაზილიელის შენარჩუნება სურდეს, რატომ გაავრცელებდა ინფორმაციას რომ ნეიმარმა შეკრება დაუკითხავად გააცდინა?

 

ბარსელონას პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ განაცხადა, რომ ნეიმარს პარიზიდან წამოსვლა სურს, მაგრამ კლუბი მას არ უშვებს. მან ასევე თქვა, რომ არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს ნეიმარის დაბრუნება მესიმ მოითხოვა.

 

„ეს ინფორმაცია პრესიდან შევიტყვე. თუმცა ეს მართალი არ არის. მესი ფეხბურთელების ყიდვას არ ითხოვს. მას სურს ძლიერ, კონკურენტუნარიან გუნდში თამაში. მაგრამ გადაწყვეტილებებს ყოველთვის კლუბის ტექნიკური პერსონალი იღებს,“- უთხრა ბარტომეუმ ჟურნალისტებს.

 

 

მოგვიანებით ლეონარდომ პარიზული კლუბის პოზიცია ახსნა.

 

„შესაძლოა, ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენი დატოვოს, თუკი ისეთ წინადადებას მიიღებს, რომელიც ყველასათვის მისაღები იქნება. მაგრამ ამ ეტაპზე არ ვიცით, სურს კი ვინმეს მისი ამ ფასად შეძენა. ფაქტია, ასეთი საქმეები ერთ დღეში არ გვარდება. გასაგებია, რომ ნეიმარს წასვლა უნდა, მაგრამ ფეხბურთში ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი დღეს ერთს ლაპარაკობს, ხვალ მეორეს. ეს თითქოს უცნაურია, მაგრამ ასეა.

 

პსჟ-ს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც დარჩენა სურთ და მზად არიან კლუბისთვის რაღაც გრანდიოზული მოიგონ. არ გვჭირდება ისეთი დამრჩენები, რომლებიც თავს გვამადლიან.

 

დიახ არაოფიციალური კონტაქტები ბარსელონას ნეიმართან ჰქონდა. მათ გვითხრეს, რომ ბრაზილიელის შეძენა სურთ, ჩვენ კი ვუპასუხეთ, რომ არ ვყიდით. წინადადება თავად ბარტომეუსგან უნდა მოვიდეს. ასეთი რამ კი ჯერ არ ყოფილა,“ - თქვა ლეონარდომ.

 

 

და მაინც, რამდენი შეიძლება იყოს ნეიმარის სატრანსფერო ფასი? აქ რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

 

1 ვარიანტი - Esporte Interativo: 222 მილიონი ევრო. ანუ იმდენი, რამდენიც თავად პარინ სენ-ჟერმენმა გადაიხადა.

 

2 ვარიანტი - Marca: 170 -180 მილიონი ევრო, პლუს ორი მოთამაშე. სახელდება კოუტინიოსა და დემბელეს გვარები. თუმცა გარიგების ნაწილი შეიძლება რაკიტიჩი და უმტიტიც გახდნენ.

 

3 ვარიანტი - Le Parisien: 130 -150 მილიონი ევრო, პლუს ორი ფეხბურთელი.

 

პარიზული გაზეთის ცნობით, პსჟ თავიდან ნეიმარის 300 მილიონად გაყიდვას ცდილობდა, მაგრამ მსურველები არ გამოჩდნენ.