შევეშვათ სტატუსს, მივხედოთ მინდორს

შვეიცარია, დანია, ირლანდია, გიბრალტარი – საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევრო-2020-ის შესარჩევ ციკლში. სამი კარგი ნაკრები და ყველაზე სასურველი (ანუ სუსტი) გუნდი მეხუთე კალათიდან.

ჯგუფიდან ორი გუნდი გავა, გაისად მარტიდან-ნოემბრამდე დიდი ამბები გველის.

 

ვინმემ შეიძლება თქვას, გრანდი აგვცდაო, მაგრამ მოდით, სტატუსებით ნუ დავყოფთ. რამდენიმე კვირის წინ ბელგიას შვეიცარიამ თავბედი აწყევლინა, 5:2 მოუგო. ზოგადად, ერთა ლიგაზე თავის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და აქედან ყველაფერი ნათელია. თუმცა მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტის ამბავი რომ არ იყოს, ისიც დავწეროთ, რომ სამიოდე კვირის წინ, შვეიცარიამ ყატართან წააგო ამხანაგური - 0:1.


 

საშიში არაფერია. ჯგუფში არცერთ შემთხვევაში არ ვიქნებოდით ფავორიტები და არც მაინცდამაინც ბაყბაყდევი ჯგუფი შეგვხვდა. უარესიც შეიძლებოდა. 

 

შვეიცარია დაბარებულივით არის ნესისმიერ მუნდიალზე და ევროპაზე, ჯგუფიდანაც თითქმის სულ გადის. მერე აღარ ყოფნის ხოლმე დენთი.

 

შერდან შაქირი, გრანიტ ჯაკა, რიკარდო როდრიგესი, ჰარის სეფეროვიჩი – შვეიცარიას გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მაინც, უპირველესად გუნდურადაა ძლიერი და ყველა რგოლში დაბალანსებული. ჰყავს კარგი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩის სახით. შვეიცარია ფიფას რეიტინგში მერვეა.

 

დანია... შვეიცარიის დარად, „დინამიტებიც“ გავიდნენ მუნდიალის მერვედფინალში და იქ გავარდნენ. თანაც, პენალტებში დამარცხდნენ მომავალ ფინალისტ ხორვატიასთან. დანია ამ დროსთვის ფიფას რეიტინგში მე–10 ადგილზეა და იცით, ბოლოს როდის წააგო ოფიციალური მატჩი? 2016 წლის 11 ოქტომბერს, შინ მონტენეგროსთან 0:1. მას შემდეგ, ამხანაგურებს და მუნდიალზე პენალტებს თუ არ ჩავთვლით, არ დამარცხებულა... მიმდინარე ერთა ლიგაც კარგად ჩაატარა.

 

კრისტიან ერიქსენი – „ტოტენჰემის“ ნახევარმცველია დანიის ნაკრების ტვინი და ფანტაზისტა.

 

 

ირლანდია მესამე კალათიდან... უკვე მერამდენედ შეგვხვდა? მათთან ჯამში 9 მატჩი გვაქვს ჩატარებული, აქედან 8 წავაგეთ და მხოლოდ ერთი, ბოლოს თბილისში დავასრულეთ ფრედ –1:1. თან, ამ 8 წაგებიდან უმეტესად ისე დავმარცხდით, რომელშიც იქით შეიძლებოდა მოგვეგო. ხან უიღბლობა, ხან მსაჯი...

 

ირლანდია ფიფას რეიტინგში 33–ე ადგილზეა.  სულ ახლახანს დანიშნეს ახალი მწვრთნელი. უფრო სწორად, ძველი დააბრუნეს: მიკ მაკარტი. ეს კაცი 1996-2002 წლებში წვრთნიდა ირლანდიის ნაკრებს, მას მერე კი იყო სანდერლენდში, ვულვზსა და იფსვიჩში.

 

სხვათა შორის, ირლანდია და დანია ერთა ლიგაზე ერთ ჯგუფში იყვნენ, ორივეჯერ 0:0 ითამაშეს. მეტიც, გასულ მუნდიალზე ფლეი–ოფში შეხვდნენ ერთმანეთს. დანიამ წალეკა მეტოქე: შინ უგოლო ფრის მერე, სტუმრად 5:1 გაანადგურა... ერიქსენი ვერ გააჩერეს.

 

 

ისე, ირლანდია ისეთი ვეღარაა, როგორც წინა წლებში. რობი კინი აღარ ჰყავთ, გოლებიც კანტი–კუნტადღა გააქვთ. აი, რა შედეგი აჩვენეს ერთა ლიგაში: დანიასთან 0:0, 0:0, ხოლო უელსთან 0:1, 1:4.

 

...და გიბრალტარი, რომელმაც სომხეთს გასვლაზე კი სძლია (1:0), მაგრამ ეს რომ კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა, იქიდანაც გამოჩნდა, რომ შინ სომხეთთანვე 2:6 წააგო. ჰოდა, გიბრალტარის პროგრესისა როგორ დავიჯეროთ? ჯუჯა სახელმწიფო რეიტინგში 194–ე ადგილზეა.

 

სხვათა შორის, საქართველოს ამ ოთხი მეტოქიდან არცერთი არაა უცხო. შესარჩევში მათთან ნათამაშევი გვაქვს და ამხანაგურებსაც ჩამოვწერთ.

 

შვეიცარიასთან

 

2002. შესარჩევი

 

შვეიცარია–საქართველო 4:1

გოლი: შ. არველაძე

 

2003. შესარჩევი

 

საქართველო–შვეიცარია 0:0

 

დანიასთან

 

2004. შესარჩევი

 

საქართველო–დანია 2:2

გოლები: დემეტრაძე, ასათიანი

 

2005. შესარჩევი

 

დანია–საქართველო 6:1

გოლი: დემეტრაძე

 

2013. ამხანაგური

 

დანია–საქართველო 2:1

გოლი: ძარია

 

ირლანდიასთან

 

2003. შესარჩევი

 

საქართველო–ირლანდია 1:2

გოლი: კობიაშვილი

 

2003. შესარჩევი

 

ირლანდია–საქართველო 2:0

 

 

2008. შესარჩევი

 

საქართველო–ირლანდია 1:2

გოლი: ყენია

 

2009. შესარჩევი

 

ირლანდია–საქართველო 2:1

გოლი: იაშვილი

 

2013. ამხანაგური

 

ირლანდია–საქართველო 4:0

 

2014. შესარჩევი

 

საქართველო – ირლანდია 1:2

გოლი: ოქრიაშვილი

 

2015. შესარჩევი

 

ირლანდია–საქართველო 1:0

 

2016. შესარჩევი

 

ირლანდია–საქართველო 1:0

 

2017. შესარჩევი

 

საქართველო–ირლანდია 1:1

გოლი: ყაზაიშვილი

 

გიბრალტართან

 

2014. შესარჩევი

 

გიბრალტარი–საქართველო 0:3

გოლები: ოქრიაშვილი, გელაშვილი, კანკავა

 

2015. შესარჩევი

 

საქართველო–გიბრალტარი 4:0

გოლები: ვაწაძე (2), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი