უფულო და ზაჰა

უფულო ამბავი

გასულ სეზონში არსენალი პრემიერლიგაში მეოთხე (საჩემპიონთალიგო) ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა და ევროპა ლიგის ფინალშიც გავიდა. ერთი შეხედვით, უნაი ემერიმ თითქოს გააცოცხლა გუნდი, რომელიც არსენ ვენგერის ეპოქის ბოლო წლებში სულს ღაფავდა. ხოლო ჩემპიონთა ლიგაში ვერმოხვედრა, უბრალოდ შემთხვევის ამბავი იყო.

 

თუმცა, თუ უფრო ახლოდან დავუკვირდებით, უფრო მნიშვნელოვან პრობლემებს აღმოვაჩენთ. დავიწყოთ იმით, რომ მეთოფეებმა სეზონის დასასრული პირწმინდად ჩააგდეს. 34-დან 37-ე ტურამდე, ორი კვირის განმალობაში, მათ წააგეს კრისტალ პალასთან, ვულვზთან  და ლესტერთან, ფრედ ითამაშეს ბრაიტონთან. აქედან ერთი მატჩიც რომ არ წაეგოთ, ალბათ ოთხეულშიც მოხვდებოდნენ, თუმცა პრობლემის არსს ეს არ შეცვლიდა.

 

პრობლემები კი მთელი სეზონის განმავლობაში გროვდებოდა. თავიდან ეს კარგად არ ჩანდა, სეზონი ყოჩაღად დაიწყეს, მაგრამ ნელ-ნელა გამოჩნდა, რომ ბასკმა სპეციალისტმა ვერ შეძლო თავისი იდეების განხორციელება. იდეებისა, რომელიც არსენალის სტილს წაადგებოდა.

 

 

ისინი ბურთს საკმარისად ფლობდნენ, მაგრამ გატანას ძირითადად ფლანგური შეტევების ხარჯზე ახერხებდნენ, არ იყო ტაქტიკური გამართულობა. შედეგად, არსენალი ისევ უიდეო გახდა, როგორც ვენგერის ბოლო წლებში.

 

ემერი კარგა ხანს ეძებდა  ადგილს მესუთ იოზილისთვის და ეგრეც ვერ იპოვნა. ამიტომ ექსპერიმენტებს მიმართა. იოზილი მართლაც უარეს სეზონს ატარებდა კარიერაში. მაგრამ მის ათამაშებას შემოქმედებითი მიდგომა სჭირდებოდა, რომელსაც ბასკმა ვერ მიაგნო და ბოლოსკენ იძულებული გახდა გერმანელი ხშირად თადარიგში დაეტოვებინა.

 

ეკტორ ბელერინის ტრავმამ დიდი დაღი დაასვა მეთოფეთა თამაშს მეორე წრეში. პრობლემური გახდა დაცვის ცენტრი, სადაც ძალიან სუსტად გამოიყურებოდა შკოდრან მუსტაფი. კოშელნის, სოკრატისისა და ჰოლდინგის გამოკლებამ კი ვითარება ლამის კატასტროფული გახადა.

 

ეს ობიექტური სიძნელეები იყო. მაგრამ ყველაფერს შიდაარეულობაც დაემატა. თანამდებობა დატოვა აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა და სკაუტთა სამსახურის უფროსმა, სვენ მისლინტატმა. თუმცა, ცოტა სხვაგვარად მოქცევის შემთხვევაში, ემერის შეეძლო მეტი წარმატებისთვის მიეღწია. 

 

ერთი ის იყო, რომ სეზონის ბოლოსთვის მან აქცენტი ევროპა ლიგაზე აიღო და ერთგვარად ამას პრემიერლიგა შესწირა, თუმცა არცთუ ძნელი კალენდარი ჰქონდა. მეორე - აარონ რემზიზე უარის თქმა. უელსელმა სეზონი სუსტად დაიწყო და მხარეებმა ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს. მაგრამ მერე რემზი ჩინებულად ათამაშდა, რასაც თავად ემერიც დაუჯერებელს უწოდებდა. შედეგად რემზი იუვენტუსში გადაბარგდა და ბასკი აღიარებს, რომ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. 

 

ახლა მომავალზეც ვთქვათ. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილია და კლუბები გამალებით ეძებენ ახალ, კვალიფიციურ მოთამაშეებს. მეთოფეთა რიგებში კი სიჩუმეა. კრისტალ პალასს ელაპარაკებიან ვილფრიდ ზაჰას თაობაზე. 40 მილიონი შესთავაზეს კოტდივუარელში, რითაც თანაქალაქელების რისხვა გამოიწვიეს - ასეთი იაფი ფასი როგორ შემოგვკადრეთო.

 

 

ავსტრიულ შეკრებაზე არსენალი ცოტა უცნაური შემადგენლობით გაემგზავრა. თუმცა, დრო კიდევ არის, სატრანსფერო ფანჯარაც ღიაა და კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. პრობლემა ის არის, რომ ახალი მოთამაშეების შესაძენად მეთოფეებს სულ 45 მილიონი გირვანქა აქვთ გამოყოფილი, პლუს თუ ვინმეს გაყიდიან. მაგრამ იოზილი, მხითარიანი და მუსტსაფი არც ისე ადვილი გასაყიდები არიან, ასაკისა და მაღალი ჯამაგირების კვალად. ობამეიანგს მანჩესტერი უტრიალებს, მაგრამ გაბონელის გაყიდვა გუნდის ქომაგებს ჭკუიდან გადაიყვანს.

 

ამიტომ ემერის დიდი თავისტკივილი მისძალებია. ახალი ხალხი საჭიროა, ფული კი არ არის. მარტო ზაჰა ღირს იმაზე მეტი, რაც საერთოდ ფული აქვთ.

 

ამას ისიც დაემატა, რომ კაპიტანმა კოშელნიმ აშშ-ის შეკრებაზე გამგზავრება იუარა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 33 წლის მცველმა ბორდოსგან მიიღო სარფიანი წინადადება, თუმცა ფრანგული კლუბი მის გამოსყიდვას არ აპირებს. ამიტომ ახლა კოშელნი კლუბის ხელმძღვანელობას ედავება, რომ კონტრაქტი შეუწყვიტონ და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭონ.

 

მოკლედ, არსენალს ფული არ აქვს და ასეთ ვითარებაში ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის (პრემიერლიგის ოთხეულისთვის) ბრძოლა, წარმოუდგენელი ჩანს.