სოსო ფრუიძე: მეტოქეს მწირი რესურსი აქვს, თუმცა მოდუნებას არ ვაპირებთ

საჩხერის ჩიხურას მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია 

საქართველოს თასის 2017 წლის გამარჯვებული საჩხერის ჩიხურა ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას 17 ივლისს, თბილისში, დინამო არენაზე, ლუქსემბურგული ფოლას წინააღმდეგ გამართავს. 

 

მატჩის წინა დღეს, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა და პოზიტიური განწყობა გამოხატა. 

 

"პირველ მატჩში შესაძლებელი იყო, რომ მსაჯს როგორც ჩვენი ისე მეტოქის 11-მეტრიანი არ დაედო.

 

ჩამოვფრინდით თუ არა, საპასუხო შეხვედრისთვის მომზადება დავიწყეთ. ვემზადებით როგორც ტექნიკურად, ისე თეორიულად. ვიცით, რომ მეტოქეს არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ჩვენი დამარცხება მოახერხოს, ვინაიდან პირველ მატჩში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა, სიახლის შემოთავაზების შანსი კი ძალიან მცირეა. მიუხედავად ამისა, გვაქვს გამარჯვების მოტივაცია და ერთი წუთით არ ვართ მოდუნებულები

 

ვცდილობთ გავაანალიზოთ თითოეული ეპიზოდი წინა მატჩიდან, უფრო უკეთ შევისწავლოთ მეტოქე და ვისმჯელოთ ყველაფერ იმაზე, რაც ფოლას შესახებ ჯერ კიდევ არ ვიცით. 

 

არ ვაპირებთ ბურთის დათმობას და მეორე ნომრად თამაშს, ვინაიდან მათ დომინირება ძალიან გაუჭირდებათ, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მეტოქემ ჩვენს თამაშზე გავლენას მოახდინოს, თუმცა ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვართ. ჩვენი თავდამსხმელები მათ მცველებზე უფრო სწრაფები არიან, ამიტომ შევეცდებით შევუტიოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

 

მინდა ევროტურნირებზე გამომსვლელ ყველა ქართულ კლუბს წარმატება ვუსურვო და აქვე ვისარგებლო შესაძლებლობით და მოვუწოდო გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლუქსემბურგში მიღწეულ გამარჯვებაში ჩამოყოლილი გულშემატკივრის ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა",-თქვა გამოცდილმა სპეციალისტმა. 


 
ჩიხურა-ფოლას მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.