ჭიაბრიშვილი: გვეგონა, რომ გასულები ვიყავით 

საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა შერიფთან ურთულესი შეხვედრა შეაფასა 

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე ურთულესი შეხვედრა ჩაატარა. პირველ ათ წუთში შერიფისგან გაშვებული 3 გოლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა - 3:3. საბოლოოდ, თბილისელებმა, 59-ე წუთზე, როლოვიჩის გოლით სხვაობა შეამცირეს და შესაბამისად შემდეგ ეტაპზეც გავიდნენ, სადაც ზაგრების დინამოს დაუპირისპირდებიან. 

 

მატჩის შემდეგ, საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭაიბრიშვილმა პრესკონფერენცია გამართა, ორრაუნდიანი დაპირისპირება შეაფასა და მომავალი მეტოქის შესახებაც ისაუბრა. 

 

"პირველი მატჩის შემდეგ ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რომ ის არ მომხდარიყო, რაც პირველ ათ წუთში მოხდა. შეიძლებოდა, რომ ეს თი წუთი გაგრძელებულიყო.მთავარი მიზეზი მეტოქის შეუფასებლობა და ფსიქოლოგიური უპირატესობა იყო, გვეგონა, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გასული ვიყავით. ბოდიშის გიხდით გულშემატკივრებს ცუდი დასაწყისი გამო. სტადიონზე მოსულ ქომაგს სხვანაირი თამაში უნდა ეხილა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. დღეს მოწინააღმდეგემ გვაჯობა.

 

გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ მობილიზებულიყვნენ და საკუთარი თამაში ეჩვენებინათ. შევეცადე მათთვის რწმენა დამებრუნებინა, ამ დროს ტაქტიკურ მონახაზებზე და სქემებზე საუბარი ზედმეტია. უბრალოდ ვცადე ფეხბურთელებისთვის მოტივაცია მიმეცა, ისინიც დამშვიდდნენ და აჩვენეს ის ფეხბურთი, რომელსაც საბურთალო უნდა თამაშობდეს. 

 

ზაგრების დინამოს ჩვენთან ძალიან დიდი უპირატესობა ექნება. მათ ხორვატიის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ შემადგენლობაში. როცა საქართველო და ხორვატია სპორტული, საფეხბურთო, მედიის და სხვა კუთხით ერთ დონეზე იქნებიან, ტოლ-სწორ თამაშზე შემდეგ ვისაუბროთ. ამის მიუხედავად, ჩვენ გამარჯვებას შევეცდებით",-თქვა ჭიაბრიშვილმა.