გატუზო ანგრევს, მერია - არა

სან სიროს ნაცვლად ნიუ იორკ ჯაიანთსი

მსოფლიოში ასობით ცნობილი სტადიონი არსებობს. ზოგი არქიტექტურული შედევრებით გვხიბლავს, ზოგიც თავისი ისტორიითა და ტრადიციებით. მილანის სან სირო ერთიც არის და მეორეც... 

ახლახან ითქვა, რომ მის დანგრევას და იმავე ადგილზე ახლის აშენებას აპირებენ, რამაც იტალიური ფეხბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია.

მოგეხსენებათ, ამ სტადიონზე ორი მილანური კლუბი - მილანი და ინტერი თამაშობს. ორივე კლუბის ხლმძღვანელობა თანახმაა სტადიონი დაინგრეს. იტალიური მედია იმასაც წერს, კლუბებმა უკვე მოილაპარაკეს და ახალი სტადიონი 2022-23 წლების სეზონიდან შევა ექსპლუატაციაშიო.

და კიდევ, დანგრევის ინიციატივით როსონერის ხელმძღვანელები გამოვიდნენ. ინტერის უფროსობა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის მომხრე იყო, მაგრამ მეზობლებმა უარით უპასუხეს. 

 

დანგრევის მთავარ მიზეზად შემოსავლიანობის მკვეთრ შემცირებას და მოძველებულ არქიტექტურას ასახელებენ. ახალი არენის მშენებლობა დაახლოებით 700 მილიონი ევრო დაჯდება. თუმცა ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია.

საქმე ისაა, რომ სან სირო  მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. თავის მხრივ, მილანის მერია დანგრევის წინააღმდეგია. მიზეზი სარბიელის სტატუსი გახლავთ. ის არა მხოლოდ ისტორიული მადონინას, მილანური დერბის მთავარი არენაა, არამედ სხვა, დიდად მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრებების სახსოვარიც. იქ ჩატარდა 1934 და1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მატჩები, 2000-01 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი. იყო1990 წლის მუნდიალის გახსნის ცერემონია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიო თასის გახსნების ისტორიაში.

მილანის მერმა ჯუზეპე სალამ, თქვა: „ჩვენ ვერ დავკარგავთ სტადიონის ფლობის უფლებას. ჯერ არ ვიცი როგორ განვითარდება სიტუაცია. ველი წინადადებებს კლუბებისგან.“ 

მერე ვითარება 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობის მოახლოებულმა არჩევნებმა დაძაბა. მილანი ხომ კორტინა დ’ამპეცოსთან ერთად ამ შეჯიბრის მასპინძლობას აპირებს.

ივლისის ბოლოს ლოზანაში სპორტისა და პოლიტიკის გამოჩენილი წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ შორის, მილანის პრეზიდენტი პაოლო სკარონი და ინტერის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ალესანდრო ანტონელიც იყვნენ. სწორედ იქ გააკეთეს შოკისმომგვრელი განცხადება  სტადიონის დანგრევის შესახებ. „ძველი არენა დაინგრევა და იმ ადგილზე ახალი აშენდება. ჩვენ ერთად ვმუშაობთ,“ - თქვეს მათ.

შედეგად, იტალიელებმა მასპინძლობის უფლება მიიღეს. შეჯიბრი, ალბათ, მილანში გაიხსნება, თუმცა რომელ სტადიონზე, ჯერ უცნობია.

 

მოკლედ, დანგრევის ინიციატორი მილანია. ამას კლუბის ყოფილი ფეხბურთლებიც ეთანხმებიან. მაგალითად, ჯენარო გატუზომ თქვა, სწორედ სტადიონი უშლის ხელს კლუბს პროგრესშიო: 
„სან სირო ჩვენს გულებშია. მასთან ჩავლისას წარსულის მოგონებები და ემოციები გეძალება. ის ყოველთვის დიდებულად დარჩება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობას დავეთანხმები. საჭიროა განვითარება, რათა უდიდეს კლუბებს ტოლ-სწორად ვეთამაშოთ,“ - განაცადა გატუზომ.

როგორც ვთქვით, მილანის მერია წინააღმდეგია. როგორც ჩანს, ისინი სტადიონს 2026 წლამდე ანუ ოლიმპიადის ჩატარებამდე არ დათმობენ. მერე კი...

მილანს და ინტერს აღარ სურთ ქალაქის მერიას იჯარა უხადონ. მათ დამოუკიდებელი სარბიელი სურთ. ამერიკასაც სტუმრობდნენ და ამოსავლად ახალი არენისთვის ამერიკული ფეხბურთის გუნდის, ნიუ იორკ ჯაიანთსის სტადიონი აირჩიეს, რომელიც სუპერთანამედროვეა. მოძრავი სახურავითა და მინდვრით. ფეხბურთის გარდა უამრავი ღონისძიების გამართვა შეიძლება და ძალიან მოხერხებულია ფეხბურთლებისთვისაც და მაყურებლისთვისაც.

და მთავარი: ახალი არენა მილანსა და ინტერს დიდად დაეხმარება პროგრსში და ევროპულ ელიტაში დაბრუნებაში.