NBA. გუნდების რეიტინგი. 22. ატლანტა

დღეს ჰოქსს ლიგის ერტ-ერთი საუკეთესო ტანდემი ჰყავს. ტრე იანგის და ჯონ კოლინზის სახით. ორი პერლი. და ატლანტამ ბოლო დრაფტზე კიდევ ორი ნიჭიერი პიტბული დაირტყა. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი29:53.

მნიშვნელოვანი მატება: ჯაბარი პარკერი, ივან ტერნერი, დე’ანდრე ჰანტერი, კემ რედიში.   

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ტორინ პრინსი, დუეინ დედმონი, კენტ ბეიზმორი.

2015-ში ატლანტამ მოიგო დივიზიონი, გახდა იმ რეგულარულის ყველაზე საინტერესო, სწრაფი გუნდი და შემდეგ სეზონში დაიშალა. აღმოსავლეთში ლებრონ ჯეიმსის დომინაცია იყო და ერთწლიან გუნდებს დაუნდობლად, სადისტურად ექცეოდნენ. ატლანტამ აიღო პაუზა. გუნდი რამდენიმე წლის შემდეგ ორი გენიალური ახალაგაზრდა მოთამაშით დაბრუნდა. და დღეს ჰოქსს ლიგის (პოტენციურად) საუკეთესო მომავლის ტანდემი ჰყავს. ტრე იანგის და ჯონ კოლინზის სახით. ორი პერლი. და ატლანტამ ბოლო დრაფტზე კიდევ ორი ნიჭიერი პიტბული დაირტყა.

გენიალურად მუშაობს ჰოქსის გენერალური მენეჯერი ტრევის შლენკი. ის რისკავს. ის ხედავს პოტენციალს და საკუთარ ინტუიციას ბოლომდე ენდობა. და ის ენდობა ატლანტას სკაუტებს. იდეალურად აწყობილი სისტემა, რომელიც ფილტრავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ჰოქსს მხოლოდ საუკეთესოები რჩება. როგორც იანგის და კოლინზის შემთხვევაში.

ატლანტამ ორი მსუბუქი ფორვარდი აირჩია. დე’ანდრე ჰანტერი მოძრავი, სწრაფი დამცველია, რომელმაც უნდა მიხედოს საშუალო სროლას და რომელიც ერთი-ერთზე ბევრ კარგ მესამე ნომერს დაიჭერს. საკოლეჯო დონეზე მან რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. ალბათ, ყველაზე აფიშირებული იყო მისი თამაში ჯარეტ კალვერის წინააღმდეგ, როდესაც მისმა არანაკლებ გაპიარებულმა და ნიჭიერმა ოპონენტმა 22 სროლიდან მხოლოდ 5 შეასრულა ზუსტად. ჰანტერის დაცვა იყო განსაკუთრებული. ახალგაზრდა პერფექციონისტი, რომელიც სწავლობს. რომელიც უმატებს. რომელიც აუცილებლად გახდება ჰოქსის ორგანიზაციის ერთ-ერთი საყრდენი მოთამაშე. ძალიან ძლიერი დამცველი. ატლანტამ ბიჭი მეოთხე ნომრად აირჩია.

ჰანტერზე უფრო მრავალფეროვანია ქემერონ რედიში, მაგრამ ჰოქსმა ის მხოლოდ მეათე ნომრად აიყვანა. დიდი დოზით ნიჭი. გაცილებით მეტი საინტერესო მოძრაობა შეტევაში, ვიდრე - ჰანტერს. მაგრამ რედიში არის არასტაბილური. რედიშს აკლია თვითრწმენა და თუ ამ კომპონენტებზე არ იმუშავებს, NBA-ში დარჩენა გაუჭირდება. რედიშის პლიუსები - კარგი საშუალო სროლა, კარგი პასი, კარგი ტარება, კარგი დაცვა. მინუსები - რისკის ზღვარზე თამაში, ბევრი შეცდომა გადამწყვეტ მომენტში, კონფლიქტები მწვრთნელებთან. კარგი მოთამაშე არ უნდა იბუტებოდეს, როდესაც ზედიზედ რამდენიმე არაზუსტი სროლის შემდეგ მწვრთნელი მას დაასვენებს. ალბათ, რედიში შეიცვლება და ატლანტა სწრაფ, მოქნილ კალათბურთს ითამაშებს.

ბუნებრივია, გუნდმა აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზეც გააკეთა. მოიყვანეს ნიჭიერი, მაგრამ ტრავმების გამო გაჩერებული ჯაბარი პარკერი. კარგია ივან ტერნერი და საქმეს არ გააფუჭებს ალენ კრაბი. ალექს ლენი ცენტრზე არასაკმარისად სანდოა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკმარისია. ატლანტას მიზანი ახალგაზრდების პროგრესი და მათი შეთამაშებაა.

და კოლინზმა ნაკლები შეხვედრა უნდა გამოტოვოს. შარშან ბიჭმა მხოლოდ 61 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რეგულარული მან ინდიანასთან 20 ქულით და 25 მოხსნით დახურა. მონსტრი!

ტრე იანგსაც მკვლელი სეზონი უნდა ჰქონდეს. ატლანტა აზრზე მოდის. და ეს სახიფათოა.