პიანისტი

მეჯიქ ჯონსონს, ჯეიმსის მეგობარს და ლეიკერსში მის საუკეთესო აკომპანიატორს მიაჩნდა, რომ უორთი ფლეი ოფის ისტორიაში 5 საუკეთესოში შედის.

პიანისტი


NBA Top 50. ჯეიმს უორთი


კარიერა: 1982-1994 (ლოს ანჯელეს ლეიკერსი).

NBA-ს ჩემპიონი (1985, 1987-88).

ფინალის MVP (1988)

ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე (7)

სტატისტიკა: 17.6 (16 320) ქულა, 5.1 (4 708) მოხსნა, 1.1 (1 041) ჩაჭრა.

ჯეიმს უორთი ფლეი ოფში იხსნიდა ნიღაბს და საკალათბურთო სამყაროს წინაშე დახვეწილი მუსიკოსი დგებოდა. მოწიწებით დაუხრიდა თავს საზოგადოებას, მოუსმენდა სიჩუმეს და იწყებოდა ჯეიმსის ჯაზი. რომელიც ეპიზოდურად ფოლკში გადადიოდა. თუ მსმენელი მსვლელობით ოდნავ იღლებოდა, უორთის ახსენდებოდა სტრავინსკი, ბრამსი, ვაგნერი. და მთელი ეს რაფსოდია კვლავ ჯაზით მთავრდებოდა. და ამ ბენდში ჯეიმსი ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. მისტერ უორთი ფლეი ოფის მოთამაშე იყო. მისტერ უორთი ფლეი ოფში მეკობრეობით შევიდა კალათბურთის, სპორტის ისტორიაში. და როდესაც ჯეიმსი პირისპირ რჩებოდა კალათთან, ის შესვლას ბასრი ჩატენვით ან - ელეგანტური მოძრაობით, თითის წვერებიდან გაშვებული ბურთით ასრულებდა. საოცრად მოხდენილი და ლამაზი მოძრაობა.

მეჯიქ ჯონსონს, ჯეიმსის მეგობარს და ლეიკერსში მის საუკეთესო აკომპანიატორს მიაჩნდა, რომ უორთი ფლეი ოფის ისტორიაში 5 საუკეთესოში შედის.

უორთის ჰქონდა ფანტაზია და ჯეიმსი იმ ეპოქისთვის ყველაზე სწრაფად გადადიოდა პირველ შეტევაზე.

რეგულარულში უორთი მისაღებ და ვარსკვლავისთვის ოდნავ გახუნებულ 17.6 ქულას და 5.1 მოხსნას აგროვებდა. იწყებოდა ფლეი ოფი და უორთი სხვა დონეზე გადადიოდა. ის იქ უფრო მეტი იყო. ჯეიმსი ლეიკერსის ალესილი მაჩეტე გახდა, რომელსაც ყოველთვის სურდა სისხლის კიდევ ერთ შადრევანში გასვლა. უორთი ფლეი ოფში საშუალოდ 21.1 ქულას და 5.2 მოხსნაზე ადიოდა. საკოლეჯო დონეზე ჯეიმსი NCAA-ს ოთხთა ფინალის საუკეთესო მოთამაშე (1982) გახდა და ჩემპიონის ფსიქოლოგია, შრომისმოყვარეობა ყოველთვის თან დაჰქონდა. რა იცი, როდის გამოგადგება. ჯეიმსი ყოველთვის მზად იყო.

უორთის სიდიადის, მისი მნიშვნელობის შეფასება ძალიან რთულია. ის ყოველთვის თავის სტატისტიკაზე მეტს აძლევდა გუნდს. ლეიკერსი უორთისგან ნდობას, პროფესიონალიზმს და ჩემპიონის გულს, ჩემპიონის თვალებს იღებდა. უორთი არ უხრიდა თავს არავის. ჯეიმსი იყო კლდე. და ჯეიმსი მეჯიქ ჯონსონის საყვარელი თანაგუნდელი გახდა. ერთმანეთისთვის შექმნილი ბიჭები, რომლებიც ერთად თამაშით უდიდეს კაიფს იღებდნენ.

ჯეიმს უორთის ლეიკერსში თამაში და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონობა უნდოდა. ჯეიმსმა მისაღები მიიღო. და, მანამდე ჯეიმსმა ასაღები აიღო. ის, რაც ეკუთვნოდა.

უორთი დღემდე არის ყველა დროის რეკორდსმენი ფლეი ოფის ერთ სერიაში თამაშიდან ზუსტი სროლების პროცენტით - 1985, დასავლეთის კონფერენციის ფინალში დენვერთან ჯეიმსმა სროლების 72.1 პროცენტი გამოიყენა. შაკისთვის, უილტისთვის, რასელისთვის საოცნებო პროცენტი. და უორთი ამას არა ხორციანი ჩატენვებით და ლიფსოებით, არამედ კლასიკური სათამაშო სიტუაციებიდან შესრულებული რთული სროლებით იღებდა. ჯეიმსი ენდობოდა საკუთარ სროლას. ჯეიმსის სროლას ლეიკერსის ყველა წევრი ენდობოდა.

იდეალური მეტსახელი - Big Game James.

საკოლეჯო დონეზე, როდესაც უორთის მწვრთნელი სმენადაქვეითებული ლარი როუდსი გახდა, უორთიმ ისწავლა მოსმენა და უფროსების პატივისცემა. უორთი მიდიოდა კოლეჯის დარბაზში დარაჯთან ერთად და ვარჯიშის დაწყებამდე 500 ზუსტი სროლა უნდა შეესრულებინა. ჩრდილო კაროლინას კოლეჯში უორთი მაიკლ ჯორდანთან ერთად ყველაზე პოპულარული სტუდენტი და მაიკლის შემდეგ, სპორტის საუკეთესო ელჩი გახდა.

ჯეიმსის კარიერა კინაღამ ერთმა უიღბლობამ გადაფარა. ვარჯიშის დროს, უორთი ცუდად დაეშვა და კოჭი მოიტეხა. ექიმებმა ჯეიმსს ჰობის შეცვლა ურჩიეს. და ექიმებმა არ იცოდნენ, რომ ჯეიმსისთვის კალათბურთი გატაცებაზე გაცილებით მეტი იყო. კალათბურთი უორთის ცხოვრება გახდა. ჯეიმსი გადიოდა სარეაბილიტაციო კურსს ექიმების იმ ჯგუფთან, რომელმაც ორჯერ ბილ რასელის კარიერა გადატვირთეს. ჯეიმსი დაბრუნდა. კოლეჯში მისი თანაგუნდელები იყვნენ სემ პერკინსი და პირველწლიანი ტერორი მაიკლ ჯორდანი. უორთი, რომელმაც სეზონი 15.6 ქულით, 6.3 მოხსნით და 2.4 პასით დაამთავრა, რალფ სემფსონთან ერთად წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ფინალში ჯეიმსის გუნდმა პატრიკ იუინგის ჯორჯთაუნი დაამშვიდა.

ჯეიმსი ყოველთვის ერთი ან მეტი ვარსკვლავის უკან იდგა. კოლეჯში - ჯორდანის და პროფესიონალებში - მეჯიქის და ქარიმის. და უორთი არ იყო წინააღმდეგი. ის, უბრალოდ, მეთოდურად აკეთებდა თავის საქმეს და მწვრთნელების ყველა საშინაო დავალებას ასრულებდა. დამჯერი ჯარისკაცი, რომელსაც არაფრის არ ეშინოდა. ჯეიმს უორთი ბოლომდე გაწვებოდა. იმ ფინალში, ჯეიმსმა თამაშიდან 17/13 სროლა გამოიყენა და იუინგს თავი 28 ქულით და ბოლო წამებზე გადამწყვეტი ჩაჭრით დაამახსოვრა.

ლეიკერსმა ჯეიმსი პირველ ნომრად აირჩია. მის პოზიციაზე იდგა იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ჯამაალ უილქსი. ჯეიმსი ლეიკერსის დრაფტის ისტორიაში მხოლოდ მეორე პირველი ნომერი გახდა (1979 - მეჯიქი).

ჯეიმსმა პირველივე სეზონში შეასრულა. თამაშიდან პროცენტით (57.9) უორთი დღემდე რჩება რეკორდსმენად ლეიკერსის პირველწლიანებში. NBA-მ მიიღო ბიჭი და ჯეიმსმა ეს ჟესტი დააფასა. უილქსი, რომელიც იმ სეზონში 21.1 ქულას იღებდა, ძალიან მალე ჯეიმსმა შეცვალა.

ლეიკერსმა გაცვალა ნიქსონი სან დიეგოში, მიიღო სვენ ნეითერი და პირველწლიანი ბაირონ სკოტი. და შეიქმნა ლეგენდარული Showtime. ყველა გარბოდა, ყველა ასწრებდა, ყველა მეჯიქის გენიალურ პასს ელოდებოდა. 1984 წლის რეგულარულიდან ჯეიმსი ლეიკერსის სასტარტო ხუთეულის უცვლელი წევრი გახდა. ლეიკერსმა წააგო ფინალი 3:4 სელტიქსთან, მაგრამ უორთი ფენომენალური იყო. რეგულარულზე უკეთესი სტატისტიკა ფლეი ოფში ჯეიმსისთვის რუტინა გახდა. ლეიკერსმა ტიტული ერთი წლის შემდეგ, ბოსტონისგან ბოსტონ გარდენში დაიბრუნა.

ჯეიმსი შეიცვალა. გამოცდილებასთან ერთად მოვიდა ენერგიის დაზოგვით დომინირების ნიჭი. ჯეიმსი სულ უფრო ხშირად აყენებს ცენტრს და უორთის არსენალში უნაკლო საშუალო სროლა შევიდა. ელჯინ ბეილორის და ჯულიუს ირვინგის შემდეგ კალათბურთმა პირველად მიიღო ასეთი ათლეტური მესამე ნომერი.

უორთის კარიერაში საუკეთესო 1988 წლის ფლეი ოფი არის. ლეიკერსი ფინალში კოჭლობით (4:3 დალასთან, 4:3 იუტასთან) მივიდა და იქ აგრესიული დეტროიტი დახვდა.

იმ დეტროიტთან ჯეიმსმა კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი დასვა.

Game 7!

ფინალში, დეტროიტთან და დენის როდმანთან!

უორთიმ სეზონი, სერია 36 ქულით, 16 მოხსნით და 10 პასით დახურა. 108:105 ლეიკერსის. ფორუმში ელ ეიმ კბილებით დაიცვა ღირსება და უორთი ფინალის MVP გახდა.

ჯეიმსმა კარიერა 1994-ში დახურა. კარიერა, რომელიც ერთი დიდი ვუდსტოკი იყო. სადაც ჯო კოკერი გამოუძინებელი და ვისკით დამძიმებული ხმით ღრუბლებს ფანტავდა. სადაც ჯენის ჯოპლინი ანგელოზებთან ერთად კოკაინზე იჯდა. სადაც ჯეიმსი ყველაზე სმენადი ბენდი იყო და იმ ბენდში ყველა ინსტრუმენტზე მისტერ ჯეიმს უორთი უკრავდა. პიანისტი.

და, უბრალოდ, ღირსეული კაცი.