NBA. გუნდების რეიტინგი. 20. ორლანდო

ნიკოლამ 100-მილიონიანი კონტრაქტის შესაბამისად უნდა ითამაშოს და ფულცი არ დაიშალოს.

2018-2019 რეგულარულის შედეგი42:40

მნიშვნელოვანი მატება: ალ-ფარუქ ამინუ.    

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ტიმოფეი მოზგოვი.  

 

ყველაზე პასიური გუნდი. ან, საკუთარ თავში ყველაზე დარწმუნებული გუნდი. მაშინ, როდესაც სხვები თავისუფალი აგენტების დათრევაში ყველა არსებულ რესუსრსს ხარჯავენ, ორლანდომ ორი მოკრძალებული ნაბიჯი გადადგა. მოტეხა ბალასტი (ტიმოფეი მოზგოვი) და ძალიან კარგი დამცველი (ამინუ) დაიმატა. გუნდი ოდნავ უკეთესი გახდა და ორლანდოში მეტის მოლოდინი აქვთ. მეტის, ვიდრე - წინა სეზონში, როდესაც გუნდი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ გავიდა ფლეი ოფში. მეტის, რადგან გუნდმა შეინარჩუნა თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მეტის, რადგან ორლანდოში ჯერ კიდევ სჯერათ, რომ დრაფტის ყოფილი პირველი ნომერი კალათბურთელია და არა - წამახალისებელი პრიზი, რომელიც უბრალოდ, მოიგე.

დრაფტზე მეჯიქმა აირჩია ჩუმა ოკეკე. ბიჭს, რომელსაც ძალიან კარგი, შედეგიანი სეზონი ჰქონდა კოლეჯში. და ბიჭმა, ზედ ოთხთა ფინალის დაწყებამდე მყესები გაიწყვიტა. არ გაუმართლა. და ამ ტრავმის გამო, სპეციალისტების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ ახალგაზრდას მეორე რაუნდის პირველ ტალღაში აირჩევდნენ. ორლანდომ გარისკა და ბიჭი მე-16 ნომრად აირჩია. შეეძლო გოგა ბითაძის აყვანა და აირჩია ოკეკე. კარგი ფიზიკური მონაცემები და პერსპექტივა, რომ უახლოეს წლებში ოკეკე ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამფარებელი გახდება. დიახ, დამფარებელი და არა - დამცველი. ოკეკეს სუსტი მხარე - ის გემბლერია, ანუ, რისკავს და ხშირად აგვიანებს დაზღვევაზე. ჯერ ბავშვია და იდეაში, უნდა დაიხვეწოს. მეჯიქი მას და საკუთარ ინტუიციას ენდობა. დრაფტმა შეიძლება მთელი ორგანიზაცია შეცვალოს. ორლანდოში სჯერათ, რომ ოკეკე ამას გააკეთებს. ჩვენ პროგნოზისგან თავს შევიკავებთ. ასე უკეთესი იქნება.

ორლანდო ელოდება მარკელ ფულცის დაბრუნებას. დრაფტზე პირველ ნომრად არჩეულმა ახალგაზრდამ ტრავმების და რამდენიმე ქირურგიული ჩარევის გამო, ორ სეზონში მხოლოდ 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ფულცი დინამიტია. ნორმალური საშუალო სროლით, არარსებული სამიანით და ძალიან კარგი შესვლით. ფულცი მშვენივრად ატარებს ბურთს და არ ეზარება დაცვაში თამაში. ფულცი კარგია ბურთის გარეშე და ძალიან კარგად კითხულობს თამაშს. ყველა ეს კომპონენტი ორლანდოს დიდ იმედს აძლევს. უბრალოდ, ფულცი ჯანმრთელი უნდა იყოს. და ეს პრობლემაა. ფულცი ჯერ სტაბილურად დალეწილია. და ბიჭმა ფორმაში შესვლა ვერ მოასწრო. ფილადელფიაში ენდობოდნენ მის პოტენციალს, მაგრამ აქცენტი ემბიდზე და სიმონსზე გააკეთეს. ფულცს კიდევ ერთი შანსი აქვს. რომ ითამაშოს. ჩვენ გვჯერა.

ორლანდომ შეინარჩუნა ნიკოლა ვუჩევიჩი. მონსტრი სამწამიანში. რომელმაც ქარიმის საყვარელი ლიფსო, დღევანდელი გენერაციისთვის მივიწყებული სროლა კვლავ მოდაში შეიყვანა. ნიკოლა არის სტაბილური სამწამაინში, ნიკოლამ გააუმჯობესა გარედან სროლა და ნიკოლა ნაკლებ შეცდომას უშვებს დაცვაში. ვუჩევიჩი აირჩიეს ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილედ და ეს მხოლოდ ავანსია. ის უკეთესია. და ნიკოლასთან ერთად მოუმატებს ორლანდო, სადაც სჯერათ, რომ ეს გუნდი უფრო მეტია, ვიდრე- ფლეი ოფის სტატისტი.

ჩვენც გვჯერა. უბრალოდ, ნიკოლამ 100-მილიონიანი კონტრაქტის შესაბამისად უნდა ითამაშოს და ფულცი არ დაიშალოს.

ველოდებით.