თორნიკე შენგელია: ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

თორნიკე შენგელია: ნაკრებში ათი წლის განმავლობაში ვთამაშობ და არ დამისვენია. თუ არ ვიღლები, თუ შემიძლია, რომ ჩამოვიდე და ნაკრებში ვიყო, ამას ყოველთვის სიამოვნებით გავაკეთებ. 

ქართული კალათბურთისთვის ყველაზე მაგარი ეტაპი იწყება. საქართველო მომავალი ევრობასკეტის ერთ-ერთი თანამასპინძელი გახდა. თბილისში ფინალური ეტაპი ჩატარდება. კარგი სვლა საქართველოს კალათბურთის ფედერაციისგან. კარგი სვლა ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანი პროგრესი ქართული კალათბურთისთვის.

სპორტის სახეობა, რომელიც ბოლო პერიოდში ამაყად ზრდის თავის სამეგობროს, დამსახურებულად დააფასეს.

მანამდე, საქართველო ევრობასკეტის საკვალიფიკაციოში ჩაერთვება. იქ ჩვენი თამაში ფორმალურია - შედეგისგან განურჩევლად, საქართველო ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. უბრალოდ, პრაქტიკა არ მოგვაკლდება და სერიოზულ ოპონენტებს კიდევ ერთხელ გავტესტავთ.

შესარჩევში საქართველო მოხვდა სერბეთთან, ფინეთთან და სამიდან (შვეიცარია, პორტუგალია, ისლანდია) ერთ-ერთთან. კარგი, საინტერესო სპარინგები იქნება.

ამ მოვლენებზე დაველაპარაკეთ დღევანდელი ნაკრების ლიდერს, კაპიტანს, სახეს - თორნიკე შენგელიას.

 

ევრობასკეტის თამასპინძლობაზე.

თორნიკე შენგელია: ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიოა. მინდა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდეს და მჯერა, რომ ასეც მოხდება. მსიამოვნებს, როდესაც ვხედავ, რამდენი ბავშვი არის დაინტერესებული კალათბურთით. მათთვის, უბრალოდ, რიგითი გულშემატკივრისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. შენდება ახალი დარბაზი. მოუთმენლად ველოდები ამ მატჩებს.

 

საკვალიფიკაციოში მონაწილეობაზე.

თ.შ: ეს აუცილებელია. გვექნება მეტი თამაში, არ მოვდუნდებით, ვეცდებით, რომ კარგ ფორმაში შევიდეთ. მეტი წუთი, მეტი პრაქტიკა ყველასთვის სასარგებლოა. ვიცი, რომ ამ თამაშებს ბევრი გულშემატკივარი დაესწრება და მსიამოვნებს, რომ საქართველო თბილისში თითქმის ყველა თამაშს სავსე დარბაზში ატარებს. ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი გულშემატკივრის სიყვარულს. და ეს მეტ მოტივაციას, მეტ ენერგიას გვაძლევს. ალბათ, აქ ჩამოსულ ნებისმიერ გუნდსაც სიამოვნებს ასეთ ატმოსფეროში თამაში.

 

გადატვირთულ გრაფიკზე.

თ.შ: ნაკრებში ათი წლის განმავლობაში ვთამაშობ და არ დამისვენია. თუ არ ვიღლები, თუ შემიძლია, რომ ჩამოვიდე და ნაკრებში ვიყო, ამას ყოველთვის სიამოვნებით გავაკეთებ. კი, ბოლო პერიოდში რაღაცეები შეიცვალა (თორნიკე მეტს თამაშობს, გახდა კაპიტანი, ბასკონიას ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი, ავტ.), მაგრამ არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ნაკრების მიმართ. არც შეიცვლება. ნაკრებში გამოძახება ყველასთვის უდიდესი პატივია. ყოველთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

 

საქართველოს ნაკრების შანსებზე.

თ.შ: ზოგადად, ქართველები ვართ მაქსიმალისტები... მჯერა, რომ ნაკრების ეს თაობა ბევრს მიაღწევს. თან, 2012 წლამდე დიდი დროა დარჩენილი. გვყავს საინტერესო შემადგენლობა, სადაც არიან ვეტერანებიც და ძალიან კარგი ახალგაზრდები. ყველას თავისი როლი, დატვირთვა ექნება და ყველა ხვდება, რომ ერთ მიზანს ემსახურება. ბუნებრივია, დიდი პლიუსი იქნება საკუთარ დარბაზში თამაშიც. როგორც გითხარით, ქართველები ვართ მაქსიმალისტები და შესაბამისად, ჩვენც ჩემპიონობა, საუკეთესო კალათბურთის ჩვენება გვინდა. ალბათ, ცოტა უნდა გაგვიმართლოს. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. ვიცი, რომ ჩვენი ნაკრები მზად იქნება.