ვირი 30 წელიწადი

ჩავის ვალვერდე შემოელანძღა

ესპანელი ჩავის ცხოვრების სტილი მის თამაშს მოგვაგონებს - ყველაფერი გათვლილი და დალაგებულია. შარშან ერთერთ ინტერვიუში თქვა: ვეჩვევი თამაშის ცქერას მწვრთნელის თვალით. მაგრამ ჯერჯერობით კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. მიყვარს თამაში, ამიტომ ერთ წელიწადსაც ვითამაშებ და მერე ახალ ამპლუაში გადავალო. 
ზუსტად ერთი წლის შემდეგ მან Pro ლიცენზია მიიღო და იმ კლუბის მწვრთნელი გახდა, სადაც ბოლო ოთხი წელიწადი თამაშობდა.
ჩავი ყატარულ ალ სადში 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ბარსელონადან და ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენა. მასთან ერთად კლუბმა ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო (ექვს წელიწადში პირველად)  და აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა. თავიდან, 2016-17 წლების სეზონში, შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა: 21 გოლი პლუს პასი 23 შეხვედრაში. მომდევნო  წელს კი ის უფრო მთავარი მწვრთნელის, ჟეზუალდო ფერეირას თანაშემწე იყო, ვიდრე ფეხბურთელი. 

 

ეს კაცი ჩავის კარიერაში ყველაზე უსახელო მწვრთნელი გამოდგა. თავის ხანგრძლივ კარიერაში ფერეირას არაფერი მოუგია ევროპაში. მცირე წარმატებები ჰქონდა მშობლიურ პორტუგალიაში. 2005-ში ახალგაზრდა ბუნტარმა, ჟოზე მოურინიუმ სწორედ მასზე თქვა: შეიძლება 30 წელიწადს იმუშაო ვირად და ცხენად ეგრეც ვერ გადაიქცეო. 
ჩავი უფრო დიპლომატიური იყო: ის ჟეზუალდოს მასწავლებელს ეძახდა.
წინა სეზონი ალ სადისთვის განსაკუთრებული გამოდგა. ტიტული დაიბრუნა და მეტოქეთა კარი 100-ჯერ დალაშქრა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მთავარმეგოლე ბაღდად ბუნეჯამ 22 მატჩში 39 ბურთი გაიტანა (ასევე რეკორდია). 
ეს იყო გუნდი, რომელიც თამაშს პირველიდან ბოლო წუთამდე აკონტროლებდა. ჩავის ხელწერა აშკარად იგრძნობოდა.
ჩავის როლი ფეხბურთში მხოლოდ პოპულარობით და მიღწევებით არ განისაზღვრება. ის იყო თაობის შესაძლოა, ყველაზე გავლენიანი ნახევარმცველი. ბარსელონას სიმბოლო მაშინ, როცა კატალონიელები ახალ საფეხბურთო მოდას ამკვიდრებდნენ ევროპაში.

 

თამაშის კონტროლი მისი ერთ-ერთი გამორჩეული თვისება იყო და იმავეს აპირებს მწვრთნელობის დროსაც. მას ბევრჯერ უთქვამს, როგორი პრინციპით ააწყობს ალ სადს. „ართმევაზე თამაში არ უნდა შეგეშინდეთ. მკაცრი პრესინგი და ბრძოლაში მყისიერად ჩართვა ბურთის დაკარგვის შემდეგ. ბურთი უნდა ვაკონტროლოთ. თუ ბურთი შენ გაქვს, დაცვაში ჩადგომა აღარც გჭირდება.“

AS -ს ინტერვიუში უთხრა ისე უნდა მოვიქცეთ, მოწინააღმდეგემ საერთოდ ვერ შეძლოს ბურთის გაკონტროლებაო. შარშან 99 პროცენტზე საუბრობდა. ჩანს დროის გასვლასთან ერთად მისი შეხედულებები უფრო რადიკალური ხდება. არ ხუმრობს. 2018-ში ბურთის 99 პროცენტით ფლობა, 2019-ში 100 პროცენტით.
რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ბურთის კონტროლი, ბარსელონას ლივერპულთან წაგების შემდეგ კომენტარში დაადასტურა. ცხადია, ჯერ თქვა, ძალიან მტკივნეულიაო. მერე კი: „საქმე მხოლოდ წაგებაში არ არის. არამედ იმაში, როგორ წავაგეთ. გვარდიოლას დროსაც ვმარცხდებოდით ხოლმე, მაგრამ, ვგრძნობდით, რომ მეტოქეს ვაკონტროლებდით. კლუბის ფილოსოფიას არ ვღალატობდით. ახლა მსგავსი არაფერია. ბარსელონა ვერ აკონტროლებდა მეტოქეს ვერც პირველ და ვერც მეორე შეხვედრაში. ეს ყველაზე ცუდი სიმპტომია.“

ჩავიმ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდეც გააკრიტიკა და თქვა, რომ საკლუბო სტილისგან გადახვევა უარესი პრობლემაა, ვიდრე 0:4 ენფილდზე.

ძნელი სთქმელია, რამდენად მზადაა ჩავი იდეისთვის შედეგი გაწიროს. ისე კი ყველა თანხმდება, რომ ერთხელაც ჩავი მშობლიურ ბარსელონას ჩაიბარებს.