ეპოქის დასასრული - ჰიონესი ბაიერნიდან მიდის

40 წელი ბაიერნთან ერთად...

ბაიერნში ახალი ერა იწყება. გერმანული ფეხბურთის ლეგენდა მიუნხენურ კლუბში იმ პერიოდიდან არის,  როდესაც საქმე ჯერ კიდევ ევროპულ გრანდთან არ გვქონდა,  სწორედ მისი თამაშით და შემდეგ ხელმძღვანელობით გახდა ბაიერნი - რეკორდმაისტერი. ულის მთელი ცხოვრება ერთ  კლუბს  უკავშირდება (ნიურნბერგში იჯარით მხოლოდ 1 წელი ითამაშა), ფეხბურთელის რანგში, მან ფრანც ბეკენბაუერთან, ზეპ მაიერთან და გერდ მიულერთად ერთად 3-ჯერ ჩემპიონთა თასი მოიგო, გახდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი.

 

1979 წელს, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ული ბაიერნის გენერალური მენეჯერი გახდა. 2009 წელს კი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. 1979 წლიდან მოყოლებული, რეკორდმაისტერი მხოლოდ ტიტულებისთვის იბრძვის, ამაში თასების რაოდენობაც დაგვარწმუნებს: 24-ჯერ ბუნდესლიგა, 14-ჯერ გერმანიის თასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, უეფას სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.

 

2019 წლის პირველ მაისს 40 წელი შესრულდა, რაც ჰიონესი ბაიერნის მენეჯმენტში მუშაობს. 1979 წელს, როდესაც ული ხელმძღვანელობაში მოვიდა, ბაიერნი მხოლოდ 12 თანამშრომელს ითვლიდა, ფული კი 12 მილიონი ჰქონდა, აქედან  8 - ვალი. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, მიუნხენურ გუნდში 1000 თანამშრომელი მუშაობს, ბიუჯეტი კი 657.4 მილიონ ევრომდე გაიზარდა, თანაც ეს ყველაფერი დავალიანების გარეშე. ჰიონესის ეპოქას  ალიანც-არენას აშენება უკავშირდება, რომელიც თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში ერთერთ ყველაზე გამორჩეულ ნაგებობად ითვლება.

 

ბაიერნში ნამდვილად ახალი ერა იწყება. თავად ულის სურს, რომ მისი მემკვიდრე ადიდასის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჰერბერტ ჰაინერი გახდეს.