დიურანტის მოლოდინში. NBA. გუნდების რეიტინგი. 12. ბრუკლინი

მწვრთნელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი დეანდრეს და ახალგაზრდა ჯარეტ ალენს შორის. დაფარება ლებრონზე გვახსოვს. და უფრო დასამახსოვრებელი ალენის პროგრესი გახდა. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი42:40.

მნიშვნელოვანი მატება: კევინ დიურანტი, კაირი ირვინგი, დეანდრე ჯორდანი, ტორინ პრინსი.     

მნიშვნელოვანი დანაკარგი: დ’ანჯელო რასელი, ჯარედ დადლი, რონდეი ჰოლიზ-ჯეფერსონი, ალენ კრაბი.

 

ბრუკლინში კაირი ირვინგი და კევინ დიურანტი აღმოსავლეთის დაპყრობას დაიწყებენ. ერთი წლის შემდეგ. როდესაც კევინს ააწყობენ. და პროცესში, მოუმატებენ რუსი მილიარდერის მიხაილ პროხოროვის გუნდის ახალგაზრდები. ქაღალდზე ეს შემადგენლობა კონფერენციის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. თუ დიურანტი ჯანმრთელი იქნება. თუ დიურანტი იმის 80 პროცენტზე მაინც ავა, რაც კევინი გოლდენ სტეიტის ბოლოსწინა სეზონში იყო. დიურანტთან ერთად ბრუკლინი მონსტრია. დიურანტის გარეშე გუნდი უკეთეს შემთხვევაში, ფლეი ოფის ბოლო ორი ადგილისთვის იბრძოლებს.

კარგი სვლა იყო დეანდრე ჯორდანის დაკონტრაქტება. დიდი ბიჭი ჯერ სვლაზეა და მეთოდურად აგროვებს ორმაგ დუბლებს. დაკარგული სეზონი ნიუ იოკრში, სადაც დრედებიანი ტერორი დალასიდან ტრანზიტით მოხვდა. ჯორდანი კარგი თანაგუნდელია, არ ცდილობს ლიდერობას და ყოველთვის მზად არის, იმ, ლიდერის დაზღვევისთვის. დეანდრე გადაეფარება კაირის და როდესაც დიურანტი დაბრუნდება, კევინის ზონასაც დაიცავს. ჯორდანი ნორმალური დამზღვევია, თუმცა, როგორც კლიპერსში საუკეთესო წლების დროს, ხშირად კარგავს პოზიციას.

მწვრთნელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი დეანდრეს და ახალგაზრდა ჯარეტ ალენს შორის. დაფარება ლებრონზე გვახსოვს. და უფრო დასამახსოვრებელი ალენის პროგრესი გახდა. ბიჭმა ყველა ნიუანსში მოუმატა. მისი სტატისტიკური პროგრესი ალენის სათამაშო დროის გაზრდამაც განაპირობა, მაგრამ ბიჭი რეალური ძალაა. ძალიან კარგი ხელები და პასი. დღეს ლიგაში ხელოვნურად აკეთებენ აქცენტს უნივერსალიზმზე და ალენი ამას ბუნებრივად ასრულებს. ის, უბრალოდ, ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც აუცილებლად შეიტანს არსენალში კარგ საშუალო სროლას. სამიანის გარეშეც, ალენი ბრუკლინისთვის დიდი ძალა იქნება. კარგი ბიჭი.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც, კაირის ფაქტორია. ბიჭს უნდა ვარსკვლავობა. ბიჭი იჭრებოდა, როდესაც კლივლენდში, მოგებული თამაშების შემდეგ ჟურნალისტები ეგრევე ლებრონთან მიდიოდნენ. დიურანტის დაბრუნების და წარმატებული სერიის დროს, იგივე ჟურნალისტები კევინთან მივლენ. ეს ბუნებრივია. დიურანტი კაირიზე დიდია. კაირიმ უნდა მიიღოს მეორე ვარსკვლავის როლი და ოდნავ გააუმჯობესოს დაცვა. როგორც ჰარდენს, ირვინგს შეუძლია ნორმალური დაცვის თამაში. უბრალოდ, თითქმის ყოველთვის ეზარება იქ, დაცვაში დაღლა. კაირისთან ერთად ბრუკლინს ორი მაგარი ბიჭი. 1. სპენსერ დინუიდი (შარშან - 16.8 ქულა, 4.6 პასი) და კარის ლევერტი (13.7 ქულა, 3.9 პასი, 3.8 მოხსნა) ჰყავს. ირვინგი აიწევს მეორე ნომერზე და ალბათ, ძირითადი გამთამაშებელი იქნება, დინუიდი. ლევერტი უფრო ნიჭიერია, მაგრამ არის შანსი, რომ გადატვირთული უკანა ხაზის გამო, კარისი რეგულარულის მსვლელობის დროს გაცვალონ კარგ მესამე ნომერში. სანამ დიურანტი აზრზე მოვა.

ბრუკლინი საინტერესო სეზონს იწყებს. დიურანტთან ერთად ეს გუნდი მოკლავს კონფერენციას და შეიძლება, იანისის და ემბიდის ბანდებიც არ დაინდოს. კევინის გარეშე პროცესი გაიწელება. ძალიან კარგი გუნდი. თუ კაირი სიტუაციას არ არევს.

ველოდებით კევინს.