დინოზავრები. NBA. გუნდების რეიტინგი. 10. ტორონტო

ბიჭი ძალიან კარგია. როგორც თანაგუნდელი. როგორც - ერთგული თანამზრახველი, რომელიც კლუბის ინტერესებს ბოლომდე გაიტანს და დაიცავს. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი58:24.

მნიშვნელოვანი მატება: სტენლი ჯონსონი.

მნიშვნელოვანი დანაკარგი: კავაი ლეონარდი, დენი გრინი.   

 

კავაი ლეონარდმა ტორონტოს სიდიადე აჩუქა. კავაი ლეონარდმა ტორონტოს იმედი მისცა. და უთქმელმა ფორვარდი, რომელიც ტორონტოში ჩემპიონობისთვის ჩავიდა, ლოს ანჯელესში გადავიდა. იქ, სადაც დაიბადა. იქ, სადაც მისი სახლია. იქ, სადაც მამამისი მოკლეს. იქ, სადაც ახალი გამოწვევაა. კავაიმ სახე, დონე, მოტივაცია შეინარჩუნა.

ტორონტომ სახე, დონე, ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი დაკარგა.

და ტორონტომ შეინარჩუნა მოტივაცია. ეს მოტივაცია არის 25 წლის. დაიბადა კამერუნში და ლიგაში  სამი წლის წინ შემოვიდა. NBA-მ გაიცნო, მიიღო და დააფასა პასკალ სიაკამი.

ბიჭი ძალიან კარგია. როგორც თანაგუნდელი. როგორც - ერთგული თანამზრახველი, რომელიც კლუბის ინტერესებს ბოლომდე გაიტანს და დაიცავს. სიაკამმა ეს კავაისგან ისწავლა და პასკალმა იცის, რომ უფროსებს უნდა დაუჯეროს. ესეც ლეონარდის რჩევაა. კავაი წავიდა და დატოვა არაჩვეულებრივი შემცვლელი, რომელიც ამ სეზონში უკვე შეუცვლელი გახდება.

სიაკამს აქვს სროლა. საშუალოდან ის უკვე სერჟ იბაკაზე საიმედოა. ბიჭმა გააუმჯობესა შორიდან სროლაც. თუ პირველ რეგულარულში სიაკამმა 7 სამიანიდან 1 ჩააგდო, შემდეგ სეზონში ეს მაჩვენებელი უკვე 132-ში 29 გახდა. შარშან, პასკალმა მოუმატა სროლის სიზუსტეში (214-ში 79, 36.9 %) და ტორონტოს რუბიკ კუბიკში ერთ-ერთი ამოუხსნელი კომბინაცია გახდა. სიაკამი ფლეი ოფშიც სტაბილური იყო. არ ეზარებოდა დაცვაში ჩასვლა და იქ ღონიერ ბიძებს ყველა დაშვებული ილეთით აჩერებდა. მას კავაიც ეხმარებოდა და ტორონტოს ფორვარდების გამორჩეულად მოქნილი ტანდემი ჰყავდა. ხანდახან, თამაშის ხასიათზე იბაკაც იყო.

კავაის გარეშე ტორონტო დატვირთავს შემადგენლობის მთელ სიღრმეს. სიაკამი, რომელიც სამართლიანად დასახელდა სეზონის ყველაზე გაუმჯობესებულ მოთამაშედ, თავს არ დახრის, მაგრამ მას დასჭირდება დახმარება მარკ გასოლისგან, კაილ ლოურისგან. ორივე (და იბაკაც) ბოლო საკონტრაქტო სეზონს ატარებს ტორონტოში და შემდეგი წლიდან რეპტორზი სიაკამთან რამდენიმე კარგი თავისუფალი აგენტის მიყვანას ეცდება. რომ ბიჭმა არ მოიწყინოს. ვეტერანები მოინდომებენ. აუცილებლად უნდა მოინდომონ. ეს გუნდი დაშლას არ იმსახურებს.

შარშარნდელი ფლეი ოფის აღმოჩენა გახდა ფრედ ვან ვლიტი. რომელმაც გოლდენ სტეიტთან ბოლო შეხვედრაში 22 ქულა დასვა. რომელმაც მილუოკისთან გადამწყვეტ ჩეხვაში 9 სამიანიდან 7 ჩააგდო. რომელიც იყო სათადარიგო და რომელიც დარჩება მეორე ხუთეულის წევრად. ვან ვლიტი მონდომებული ახალგაზრდაა და ალბათ, ამ სეზონში გაიზრდება მისი შედეგიანობა (შარშან - 11.0 ქულა) და ფასიც (არასრულ 9 მილიონზე ზის). ფრედს გუნდთან კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აქვს, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ბიძის, დეიდის, ვინმეს რჩევით, ის ამ კონტრაქტს დაარღვევს და ხელფასის მომატებას ან - სხვაგან გადასვლას მოითხოვს.

თანამედროვე NBA დაუნდობელი სამყაროა.

კავაი ლეონარდმა ტორონტოს სიცივეში გამთბარი ილუზიები წაართვა.