ჯაზი გვინდა! NBA. გუნდების რეიტინგი. 9. იუტა

იუტას ოპერირება პერიმეტრზე სამწამიანის დატვირთვის პარალელურად მოხდება. იქ ჯაზის კლდე დგას. 

2018-2019 რეგულარულის შედეგი50:32.

მნიშვნელოვანი მატება: მაიკ კონლი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ჯეფ გრინი, ედ დევისი.       

მნიშვნელოვანი დანაკარგი: ჯეი კრაუდერი, რიკი რუბიო, დერიკ ფეივორსი, კაილ კორვერი. 

 

კარლ მელოუნის, ჯონ სტოქტონის და ჯეფ ჰორნაჩეკის ტრიოს შემდეგ, იუტას საუკეთესო გუნდი ჰყავს. იუტას სკაუტინგმა, ბოსების ფრთხილმა და ამავე დროს, აგრესიულმა ტაქტიკამ ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეკრა. ეს იუტა ფლეი ოფისთვის არ იბრძოლებს. ეს იუტა სულ მცირე, დასავლეთის კონფერენციის ფინალისთვის შეასკდება დანარჩენებს. სისხლის წვიმაში და კანის ნაფლეთებში ჯაზმა უნდა გაძლოს. აუცილებლად უნდა გაძლოს. იუტა დაიძრა!

როდესაც შარშან, ჯაზი ფლეი ოფში ჰიუსტონს გაესაუბრა, გუნდმა ვერაფერი ვერ დაუპირისპირა როკეტსის პილორამას პერიმეტრზე. არა მხოლოდ ჯეიმს ჰარდენის თემაში. იუტამ ვერ ჩააგდო. თითქმის ვერაფერი. ჯაზი წინააღმდეგობის გარეშე ნასროლი სამიანების მხოლოდ 23.6 პროცენტს (110-ში 26) აგდებს. ცუდი მაჩვენებელი. როდესაც რუდი გობერზე სამწამიანში მეორე დამცველი ადის და პერიმეტრზე სულ მცირე, ერთი თავისუფალი მსროლელია, ეს შანსი უნდა გამოიყენო. იუტას უბრალოდ, არ ჰყავდა კარგი მსროლელები. და ჯაზმა ეს პრობლემა მოაგვარა. ჯაზი ახალ სეზონში ყველაზე მსროლელი გუნდი იქნება.

იუტამ გაცვალა ფლეიმეიქერები. გუნდმა არ შეინარჩუნა ესპანელი რიკი რუბიო, რომელიც თავის ქუჩურ კალათბურთს ფინიქსში იყომარებს. რუბიო ძალიან ძლიერი დამცველი და სანდო ფლეიმეიქერია, მაგრამ ჩასაგდებს მხოლოდ სან ანტონიოსთან აგდებს და იუტა ამ გუნდს, რეგულარულში მხოლოდ ოთხჯერ ხვდება. რუბიოს აქვს პლიუსები (კარგი შესვლა, მშვენივრად ფარავს ბურთს, არ უშვებს შეცდომებს დაცვაში გაცვლის დროს), მაგრამ სროლის დროს მისი იმპოტენცია იუტას კლავდა. რიკის ადგილი მაიკ კონლის მისცეს. ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი გამთამაშებელი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში. კონლის უყვარს ბურთთან ერთად ყოფნა და შეიძლება, პასიც დააგვიანოს, მაგრამ დაცვაში მაიკი შეჭამს თავის კაცს. დაჭრის, სისხლისგან დაცლის, ძვლებში დაამტვრევს. კონლი იუტას ბევრს მისცემს და კონლი უფრო მეტ თავისუფლებას დაუტოვებს დონოვან მიტჩელს (შარშან, 23.8 ქულა, 4.2 პასი, 4.1 მოხსნა).

იუტას ოპერირება პერიმეტრზე სამწამიანის დატვირთვის პარალელურად მოხდება. იქ ჯაზის კლდე დგას. ზედიზედ ორჯერ ლიგამ საუკეთესო დამცველად გობერი დაასახელა. ის, ვინც ყველაზე მეტ სროლას იღებს და ყველაზე მეტ სროლას აფარებს. გობერმა ისწავლა კონტაქტში აკურატულად შესვლა და რუდი არ ერიდება ბურთის მოთხოვნას, ცენტრის ჩაყენებას და ბურთით მოძრაობას. ორი წლის წინ გობერი ამას თავს არიდებდა. ფრანგი დაიხვეწა. გობერი (15.9 ქულა, 12.9 მოხსნა, 2.3 დაფარება, 2.0 პასი) ყველაზე მეტ ორმაგ დუბლს გააკეთებს.

ბოიან ბოგდანოვიჩი კარგი სნაიპერია. მარკ უოლბერგზე უკეთესი. ალბათ, მას მაქსიმალურად აარიდებენ სწრაფი, აგრესიული კაცის წინააღმდეგ დაცვას და ტექნიკურად, სუსტ მცველს კონლი დააზღვევს. და ბოგდანოვიჩმა უნდა ჩააგდოს - მან ეს იცის. შარშან, ბოიანმა რეგულარული 164 ზუსტი სამიანით (42 %) დახურა. ძალიან კარგი თანაგუნდელი და ნორმალური დამცველი. იუტა მზად არის. იუტა რეგულარულს თანაბრად ჩაატარებს და დაიწყება ის, რის გამოც ამ გუნდმა კონლი დაიმატა - ფლეი ოფი!