ლებრონმა შეუკვეთა

ლებრონმა მენიუში ენტონი დევისი შეუკვეთა. მომზადებას რაღაც დრო დაუთმეს.

ლებრონ ჯეიმსმა ჩახედა თავისუფალი აგენტების მენიუს. ისე, გაკვრით გადაავლო თვალი. ამოიკითხა რამდენიმე გვარი და გააკეთა შეკვეთა. ლებრონის ტრადიციული შეკვეთა.

მიმტანმა გადახედა შეკვეთას. შეფ-მზარეული ძალიან დაკავებულია, მაგრამ თქვენთვის, სერ, ის სასწაულს გააკეთებს და თქვენი შეკვეთაც სწრაფად იქნება მზად, მიიღო პასუხი ლებრონმა.

მიმტანი იყო რონ სილვერი. რომელიც ბოლო პერიოდში ყველგან ცვლის დევიდ სტერნს. როგორც მისტერ სტერნი ბევრი წლის წინ, დღეს ლებრონის შეკვეთებზე სილვერის გუნდი დარბის. და ხანდახან დაგვიანებით, მაგრამ ყოველთვის ასრულებენ ყველა დროის მეორე საუკეთესო მოთამაშის თხოვნას.

არა - მოთხოვნას. უბრალოდ, თხოვნას.

ლებრონმა მენიუში ენტონი დევისი შეუკვეთა. მომზადებას რაღაც დრო დაუთმეს. საჭირო გახდა სამზარეულოდან ინგრემის, ჰარტის, ბოლის გამოღება და იმ, მეორე შეფ მზარეულისთვის გაცვლა.

როდესაც ელეგანტურ ლებრონს მიუტანეს კერძი, ჯეიმსმა გაუღიმა მიმტანს, რამდენიმე მილიონი დოლარი ჯიბეში ჩაუკუჭა და შეუდგა კერძის დაგემოვნებას.

ეს ლებრონის ლიგაა. მეფე.