ჭიაბრიშვილი: ეს სანახევრო გამარჯვებაა, თბილისში იგივე არ უნდა გავიმეოროთ

საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა არარატთან გამარჯვება შეაფასა 

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა საბურთალომ სომხეთის დედაქალაქში არარატ-არმენიას 2:1 მოუგო და ფლეი-ოფში მოხვედრისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის დასრულების შემდეგ, საბურთალოს მთვარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, ერევნის რესპუბლიკური სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი და სომეხი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ტაიმი ვნახეთ. პირველ ნახევარში არარატს უფრო მეტი მომენტი ჰქონდა და გადავრჩით, რომ კიდევ არ გავუშვით. მეორე ნახევარში ბევრი ეპიზოდი შევქმენით და გამოვიყენეთ კიდეც. საბოლოო ჯამში, ამ ორი განსხვავებული ნახევრიდან უფრო მეტი სარგებელი ჩვენ ვნახეთ.

მეტოქეზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, ეს მათი მწვრთნელის შესაფასებელია. ფაქტია, რომ ყველა მომენტი გამოვიყენეთ და ამის ხარჯზე მოვიგეთ.

ფეხბურთელები რომ მისმენდნენ, პირველ ტაიმს არც წააგებდნენ (იხუმრა), თუმცა გასახდელში განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, უბრალოდ გუნდმა მობილიზება, აზრზე მოსვლა, შეცდომების გაანალიზება მოახერხა და მიღებული მომენტები გამოიყენა.

არაფერი გადაწყვეტილა. ეს სანახევრო გამაარჯვებაა, წინ თბილისური მატჩია, რომლისთვისაც იმედია სრულფასოვნად მოვემზადებით და იგივე შეცდომებს არ გავიმეორებთ",-თქვა ჭიაბრიშვილმა.