როკი და კლოპი

ადრიანის ხუთი საიდუმლო

წინა ოთხშაბათს, უეფას სუპერთასზე, ლივერპულმა ჩელსი დაამარცხა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანებით - 5:4. ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დამთავრდა. 

მერსისაიდელებმა ყველა პენალტი გაიტანეს, ლონდონელებმა კი ბოლოს შესცოდეს. ჭაბუკ ტემი აბრაჰამს ლივერპულელთა ახალწვეულმა მეკარე ადრიანმა აუღო და მატჩის გმირიც გახდა.

 

თამაშის მერე მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, ესპანელი მეკარისთვის ქათინაურები არ დაიშურა. არაჩვეულებრივი უწოდა მას და დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.

ის როკივით არისო, - დაიღრიალა კლოპმა და მისკენ გაექანა. ამ დროს ადრიანი გაოგნებულიყო სიხარულისგან. ალბათ მას თავი უდიდეს მეკარედ წარმოედგინა და არა პრემიერლოგის უბრალო მოთამაშედ. 32 წლის მეკარის ტალანტი, ბოლოსდაბოლოს დააფასეს.

და, ვინ არის იგი?

ადრიანი ბეტისის აღზრდილია. ძირითადში მოხვედრამდე ყველა ახალგაზრულ გუნდში თამაშობდა  ბეტისი C, ბეტისი B, ასევე ორჯერ იჯარით გაუშვეს დაბალი ლიგების ალკალასა და ულტრერაში. 

 

ბეტისის მთავარ გუნდში დებიუტი 2012 წელს ჰქონდა. ერთი წლის შემდეგ  თავისუფალი აგენტის სტატუსით ვესტ ჰემში გადავიდა. იქ მან ექვსი სეზონი გაატარა. პირველი სამი წლის განმავლობაში „ჩაქუჩების“ ძირითადის მეკარე გახლდათ, მერე კი ჯერ ჯო ჰარტის, შემდეგ კი ლუკაშ ფაბიანსკის შემცვლელი. 

ამ ზაფხულს ადრიანს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. ვესტ ჰემის ხელმძღვანლებს აღარ სუდათ მასთან ხელშეკრულების  გაგრძელება. ამით ისარგებლა ლივერპულმა და სასწრაფოდ შესთავაზა კონტრაქტი. ესპანელიც აღარ დაფიქრებულა და სიამოვნებით დაყაბულდა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ გუნდში მეორე მეკარედ ყოფნა, გაცილებით პრესტიჟულია, ვიდრე პრემიერლიგის საშუალო გუნდში ხანდახან თამაში.

ახლა ის ვიკითხოთ, რაში დასჭირდა ლივერპულს ადრიანი? საქმე ის არის, რომ კლოპს სასწრაფოდ უნდა ეშოვნა სარეზერვო მეკარე. უნგრელ ადამ ბოგდანს, რომელმაც წლების განმავლობაში სულ რამდენინე მატჩი ჩაატარა წითლების შემადგენლობაში, კონტრაქტი დაუმთავრდა და წავიდა. სიმონ მინოლე კი ბრიუგეში გაყიდეს.

ასეთ ვითარებაში ადრიანის ტრანსფერი ზედგამოჭრილი იყო - ლივერპულმა მუქთად მიიღო გამოცდილი, პრემიერლიგის მარილნაჭამი მეკარე.

 

ჯერ ერთი, ადრიანი მართლაც კარგი მეკარეა. თანაც, ძალიან ყოჩაღი თერთმეტმეტრიანებისას. 2015 წელს ვესტ ჰემი ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში ევერტონს ხვდებოდა. ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. დაინიშნა პენალტები. სერიის დაწყების წინ, მან მწვრთნელ სემ ელარდაისთან მიირბინა და პენალტის შესრულების უფლება სთხოვა. თანხმობა მიიღო, ოღონდ რიგში მეათე აღმოჩნდა. ასეთი თანმიმდევრობის მიუხედავად, ესპანელმა მოახერხა და გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მაინც გაიტანა. მას შემდეგ, რაც ევერტონელთა მეკარემ, ხოელ რობლესმა თავისი დარტყმა ხარიხას მოარტყა, ადრიანმა აუღელვებლად გაიხადა ხელთათმანები და შესანიშნავი დარტმით შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ვესტ ჰემმა 9:8 გაიმარჯვა.

სტამბოლური სუპერთასის მატჩის შემდეგ კი, ადრიანმა პენალტების მოგერიების ოთხი საიდუმლო გაუმხილა Four four two-ს.

1. შეისწავლე მეტოქე 

 ყოველი მატჩის წინ, მეკარე მეტოქის სამი-ოთხი გამორჩეული ფეხბურთელის პენალტების დარტყმის მანერას შეისწავლის. სიძლიერეს, სიზუსტესა და მოძრაობას აქცევს ყურდღებას.

2. გაიუმჯობესე რეაქცია 

 ამ საკითხზე ადრიანი ყოვედღიურად მუშაობს. საგანგებო ვარჯიშებით კი ბურთის ყველა პოზიციიდან დაჭერას ხვეწს.

3. დადექი კარის შუაში 

ეს წესი ყველაზე  იოლია ამ ოთხიდან. ესპანელი ყოველთვის კარის ცენტრში დგას, რადგამ მეტოქეს გაუჭირდეს დარტმის ტრაექტორიის გამოცნობა.

4. სწორად მოიგერიე

მისი თქმით, ეს ყველაზე რთული წესია. ისე უნდა მოიგერიო ბურთი, რომ ის საჯარიმოს გარეთ გავარდეს. ამ შემთხვევაში მეტოქე დამატებას ვეღარ შეძლებს.