ოცნების ნაკრები

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა საქართველოს ნაკრებში, ყველა ის სავარაუდო ტრანსფერი რომ გამართლებულიყო, რაზეც დაიწერა; 

ან ვინც გასინჯვაზე იყო, ყველანი რომ დაეტოვათ; ზოგს რამ შეუშალა ხელი, ზოგს რამ, უმეტეს შემთხვევაში კი შესაძლებლობები არანაირად არ შეესაბამებოდა მაღალი დონის კლუბს: ოცნებას მაინც რა გვიშლის?!..

 

რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით ტოპ–ლიგაში ერთი ფეხბურთელი არ გვყავს. ბოლოს ლევან მჭედლიძე იყო ემპოლიში. რთულია, ძალიან რთულია ქართველი ფეხბურთელისთვის კარგ ლიგაში მოხვედრა. საამისოდ ბევრი ეტაპი უნდა გაიაროს.

 

გიორგი ჩაკვეტძის შემთხვევაზე შეგნებულად არ ვწერთ, რადგან ტრავმა აქვს.

 

მეკარეები

 

გიორგი ლორია (ბარსელონა/რეალი/ჩელსი). ესპანურ გრანდებზე მას შემდეგ დაიწერა, რაც საქართველო–ესპანეთის მატჩში იფრინა. მოგვიანებით, 2015 წელს კი კახა ცხადაძემ თქვა, რომ ლორია ჩელსის სურდა, მაგრამ არაევროკავშირელობამ შეუშალა ხელი.

 

გიორგი მაკარიძე (ბენფიკა). შარშანწინ პორტუგალიური საიტებიც წერდნენ, რომ თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

 

მცველები

 

გურამ კაშია (ჩელსი). ჰოლანდიურმა და ინგლისურმა პრესამაც დაწერა, მითუმეტეს, ვიტესი და ჩელსი იმ დროს დაახლოვებული კლუბები იყვნენ.

 

ნიკა ჭანტურია (არსენალი). იყო სტაჟირებაზე, როცა 17 წლის გახლდათ. ნიკა 17–წლამდელთა იმ ნაკრების კაპიტანი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.  

 

ლაშა დვალი (ზენიტი). იმ დროს დვალი 17 წლის იყო და სწორედ ჭანტურიასთან ერთად ქმნიდა დაცვის დუეტს ბრწყინვალე ასაკობრივ ნაკრებში.  

 

გია გრიგალავა (აიაქსი). თავად გიამ თქვა, რომ გასინჯვაზე იყო აიაქსში, როცა 18 წლის გახლდათ.

 

საბა კვირკველია (დორტმუნდი/ნაპოლი/სევილია). ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. სამწუხაროდ, კვირკველიას ბოლო დროს მოსკოვის ლოკომოტივშიც აღარ აქვს პრაქტიკა.  

 

ჯიმი ტაბიძე (ლივერპული). 2014 წლის დასაწყისში იყო საუბარი. როგორც გაირკვა, ტაბიძე სტაჟირებაზე იყო ლივერპულში.

 

ნახევარმცველები

 

გიორგი ხარაიშვილი (აიაქსი). შარშან დაიწერა, რომ აიაქსს სიაში ჰყავდა.

 

დავით თარგამაძე (პორტუ). ეს ინფორმაცია მისმა აგენტმა გაავრცელა. მანამდე, სანამ შახტართან გააფორმებდა კონტრაქტს.  

 

თორნიკე ოქრიაშვილი (მარსელი). ეს 2016 წლის ზაფხულს, თუმცა თორნიკე კრასნოდარში გადავიდა.    

 

ჯანო ანანიძე (არსენალი/ სევილია). ეს იმ დროს, როცა ჯანო 17 წლის იყო. მაგრად იწყებდა ანანიძე...

 

ნიკა კვეკვესკირი (კაიზერსლაუტერნი). 2010 წლის ბოლოს იყო გასინჯვაზე კაიზერსლაუტერნში.

 

ლევან ყენია (შალკე/ზენიტი). სამწუხაროდ, ტრავმებმა გააწვალა ფეხბურთელი, რომელსაც იმ დროს ბუნდესლიგის ტოპ–10 ტალანტს შორის ყველა გამოცემა იხსენიებდა. მერე ზენიტიც თითქმის გადაწყვეტილი ჩანდა, თუმცა...

 

თავდამსხმელები


გიორგი ჭანტურია (ბარსელონა). გიორგი ბარსელონას ლა მასიაში, 19–წლამდელთა გუნდში იყო.  

 


 

ლევან მჭედლიძე (ვოლფსბურგი). სხვა კლუბების ვარიანტებიც იყო, მაგრამ ვოლფსბურგი ყველაზე რეალური. ეს 2010 წელს. ვოლფსბურგმა არ გადაიხადა თანხა, რასაც ემპოლი მოითხოვდა.      

 

აჩანა არაბული (მანჩესტერ სიტი). 2011 წელს, როცა ბაჩანა 17 წლის იყო, მძიმე ტრავმა მიიღო, არადა რეალურად იყო ინტერესი სიტის სტრუქტურიდან. სტაჟირებაზე იყო კიდეც.

 

 ლუკა ზარანდია (ატლეტიკო/აიაქსი). იყო დრო, ატლეტიკოს დუბლებში ვარჯიშობდა. მოგვიანებით კი დაიწერა, რომ აიაქსს სიტყვიერად შეუთანხმდა და ტრანსფერიც გადაწყვეტილი იყოო.