თუშიშვილი უმედლოდ დარჩა, ფინალი ქართველმა განსაჯა 

მოქმედი ჩემპიონი ბრინჯაოსთვის ბრძოლაშიც დამარცხდა 

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ძიუდოში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება დასრულდა. 


მძიმე წონაში საქართველო უმედლოდ დარჩა, არადა ტრიუმფს ქართველი გულშემატკივარი ყველაზე მეტად სწორედ +100 კგ წონითი კატეგორიიდან მოელოდა, სადაც ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი გამოდიოდა. 


24 წლის ქართველი ფალავანი ნახევარფინალში მასპინძელთან რომ დამარცხდა, ამაზე უკვე მოგახსენეთ, ახლა კი თუშიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრაც დათმო. 


გურამი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ჰოლანდიელ როი მეიერთან ვაზარით დამარცხდა.  


ტურნირი ფინალურმა შეხვედრამ დახურა, მართალია აქ ჩვენებურს არ უჭიდავია, თუმცა ფინალში ერთი ქართველი მაინც იყო - ჰისაუი ჰარასავას და ლუკაშ კრპალეკის დაპირისპირება ვლადიმერ ნუცუბიძემ განსაჯა. დაძაბული ბრძოლა 8 წუთამდე გაგრძელდა და ჩეხმა სპორტსმენმა მეტოქის სამი შიდოს ხარჯზე იმარჯვა. 


საბოლოოდ, საკმაოდ სანახაობრივი ტურნირი, რომელზეც ოქროს მედლის დაცვა ვერცერთმა მსოფლიო ჩემპიონმა შეძლო, ქართველებმა ორი მედლით (1 ოქრო, 1 ვერცხლი) და მეხუთე გუნდური ადგილით დაასრულეს.