მესი 15 მილიონად იფრენს 

ბარსელონასა და არგენტინის ნაკრების კაპიტანის ახალი შენაძენი 

ბარსელონას და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ პირადი თვითმფრინავი 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, რომელიც მას სამშობლოსა და ესპანეთს შორის გადაადგილებისთვის სჭირდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

 

სატრანსპორტო საშუალება, რომელიც 8 საძილე სავარძლის, ორი სააბაზანოსა და ამდენივე სამზარეულოსგან შედგება, 16 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავის გარე დიზაინს მესის სათამაშო მაისურის ნომერი - 10 ამშვენებს.

 

თვითმფრინავის კიბის საფეხურებზე გამოსახული ლეოსა და მისი ოჯახის წევრების სახელებია (მეუღლე ანტონელა და შვილები: მატეო, ჩირო და ტიაგო).

31 წლის სუპერვარსკვლავმა, რომელმაც გუშინ კატალონიურ დერბიში ესპანიოლის კარში ორი სჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, ამ სეზონში ბლაუგრანასთვის ჩატარებულ 17 შეხვედრაში 17 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის მოგროვება შეძლო.