რონალდუ ამბობს...

პორტუგალიელი ფეხბურთელი la Gazzetta Dello Sport -ის ჟურნალისტებმა დაიმარტოხელეს...

იუვენტუსის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ტურინის ერთ-ერთ ტაძართან მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან ერთად შენიშნეს და მაშინვე გავრცელდა ხმა, ჯვარს იწერენო... ამ და სხვა „ხმებზე“ პასუხი კი პორტუგალიელ ფეხბურთელს la Gazzetta Dello Sport -ის ჟურნალისტებმა სთხოვეს...

 

ჯვრისწერაზე

 

- მორწმუნე ადამიანი ვარ, კათოლიკე ქრისტიანი. ტაძარში კი ყოველ კვირა დავდივარ და ღმერთს მადლობას ვეუბნები... ტურინში ბევრი ტაძარია და ხან სად ვლოცულობ, ხან - სად. ერთერთთან კი პაპარაცებმა ჯორჯინასთან ერთად შემნიშნეს და ჩათვალეს, რომ ჯვრის დაწერას ვაპირებდით. არა, ჯერ საამისოდ არც მზად ვარ და არც სურვილი მაქვს. არ ვიცი მომავალში რა იქნება, უახლოეს მომავალში კი დანამდვილებით გეტყვით, ჯვრისწერას არ ვაპირებ...

 

მამაზე

 

- ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მამის გარდაცვალებისას, 2005 წელს მქონდა. ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ისიც მესმის, რომ ასეთია ცხოვრება და ადრე თუ გვიან ასეთი მძიმე პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება. დარწმუნებული ვარ, იმქვეყნად მამა ჩემი წარმატებით ბედნიერია. რაც შეეხება ჩემს შვილს, ისიც იუვენტუსშია და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება... იზრდება და ხვდება, ვისი შვილია. მეკითხება ხოლმე, შინ მეგობრების მოყვანა თუ შეუძლია. ცხადია, დადებითად ვპასუხობ, თუმც იქვე მეუბნება, ოღონდ შენც სახლში უნდა იყო, მათ შენთან ფოტოს გადაღება სურთო...

მესიზე

 

- ის მოედანზე და მის მიღმაც დიდი ადამიანია. ცოტა მენატრება კიდეც მასთან მეტოქეობა, და იქნებ ჩემპიონთა ლიგაში მოგვეცეს ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. ან იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს კარიერის გაგრძელება მანაც იტალიაში მოისურვოს?! პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში ვთამაშობდი, ახლა იტალიაში ვარ, მესი კი ესპანეთს არ გაშორებულა, თუმც მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ...

 

მოდრიჩზე

 

- ვულოცავ ლუკა მოდრიჩს ამ აღიარებას, ის ნამდვილად იმსახურებდა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს. თავადაც ვიმსახურებდი, მაგრამ არ გამოვიდა და ეს არ არის ცხოვრების დასასრული, ვეცდები, რომ ოქროს ბურთი გაისად ისევ მოვიგო. წლეულს გული დამწყდა, მაგრამ ტირილს ხომ არ დავიწყებ?! ვეცდები კიდევ უფრო კარგად ვითამაშო და ეს საპატიო ჯილდო მეექვსედაც მოვიგო... 

იუვენტუსზე

 

- შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ შეკრულ და მეგობრულ გუნდში აქამდე არ მითამაშია. არ ვამბობ, რომ ან მანჩესტერი იყო ამ მხრივ განსხვავებული, ან რეალი და სპორტინგი, თუმც იუვენტუსში მაინც გამორჩეული და განსაკუთრებული მეგობრული გარემოა. სხვა კლუბებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თავი სხვებზე ზემოთ უჭირავთ, აქ კი ყველა ერთ ტალღაზეა, თავმდაბლები არიან, არავინ არავისზე არაფრით არის ნაკლები ან მეტი. იუვენტუსი ერთი ოჯახია...

შესაძლო ტრანსფერებზე

 

- დიახ, მეც მსმენია, რომ ასენსიოს, ისკოს, ბეილისა და ხამეს როდრიგესის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერებზეა ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, დღესდღეობით იუვეს არავის დამატება არ სჭირდება. დანარჩენზე კი კლუბის პრეზიდენტი უკეთ გიპასუხებთ...

 

ჩემპიონთა ლიგაზე

 

- ფაქტია, რომ ძლიერი გუნდი გვყავს და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია. მაგარი იქნება თუ ამას ტურინშიც მოვახერხებ და ზედიზედ მეოთხედაც მოვიგებ ამ დიდ ტიტულს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ლიგის მოგება, მაგრამ ამაზე ფიქრით თავს არ ვიღლით, მთავარია ასევე გავაგრძელოთ და წარმატებაც თავისთავად მოვა, - უთხრა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიელ ჟურნალისტებს.