სოლარის გზა

სოლარის პირველი შეტევა ტიტულზე - მსოფლიოს საკლუბი ჩემპიონატი 

12-22 დეკემბერს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მე-15 გათამაშება გაიმართება. 

 

მონაწილეობას 7 გუნდი მიიღებს ყველა კონფედერაციიდან. ფავორიტები კი, ცხადია, ორნი არიან, რივერ პლეიტი, რომელმაც ახლახან მოიგო ლიბერტადორესის თასი და ტურნირის მოქმედი ჩემპიონი - მადრიდის რეალი.რეალი შეჯიბრში ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაებმება და იაპონური კაშივა ანტლერსის და მექსიკური გვადალახარას შორის გამარჯვებულს, 19 დეკემბერს აბუ დაბიში შეხვდება.

 

 

სამეფო კლუბის მიმართ სპეციალისტების ინტერესს ისიც ზრდის, რომ ტურნირზე მათ ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი წაიყვანს, რომლის პირველ გუნდში მისვლა ფეხბედნიერი გამოდგა. მის ხელში გუნდი თითქოს გარდაიქმნა და უკეთესი ფეხბურთის თამაში დაიწყო. 

 

მოახერხებს კი რეალი ვერცხლის თასის შენარჩუნებას?

 

„სოლარის მოსვლის შემდეგ რაღაცეები შეიცვალა. ინტენსიურობა და ურთიერთობა სხვაგვარი გახდა. მან დადებითად იმოქმედა გუნდზე. ჯერ ცოტა ხანია მუშაობს, თუმცა შედეგები ჩინებული გვაქვს,“ - უთხრა გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა ფიფას ოფიციალურ გვერდს.

 

მაინც, რა მიიტანა სოლარიმ „რეალის“ პირველ გუნდში?

 

 

კონკურენცია და პასუხისმგებლობა პირველი, რაც გუნდში მისვლისას არგენტინელმა სპეციალისტმა ფეხბურთელებს უთხრა, ის იყო, რომ მხოლოდ სახელის გულისთვის არცერთს მიეცემოდა პრივილეგია.

 

„არ მჯერა ფიქსირებული სასტარტო შემადენლობის. ძირითადში მოხვდება ის, ვინც ინ მომენტისთვის უკეთ იქნება მომზადებული.“ - ესეც სოლარის სიტყვებია. ამას სტატისტიკაც ადასტურებს. იმ ცხრა თამაშში, რომელიც რეალმა სოლარის ხელმძღვანელობით ჩაატარა, გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, მესამე და მეოთხე მეკარეების გარდა. ასეთმა მიდგომამ შიდაკონკურენცია გაზარდა, რაც შედეგზეც აისახა.

 

შანსი ახალგაზრდებსპირველ გუნდში მისვლამდე, სოლარი ექვს წელიწადს მუშაობდა რეალის ახალგაზრდულ გუნდებში და ჩინებულად იცის ვინ დააწინაუროს ძირითად შემადგენლობაში. მაგალითად, დანი სებალიოსმა, მარკოს ლიორენტემ და სერხიო რეგილონმა ახალი ენერგია და ჰაერი შეიტანეს გუნდში. ერთი რომ, სასარგებლოდ ირჯებიან და მეორეც, მნიშვნელოვან საერთაშორისიო გამოცდილებას იღებენ.

 

 

ნდობა სერხიო რამოსის აზრით, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სოლარი უცებ გახადა შინაური. „ის წლების განმავლობაში იყო რეალის ფეხბურთელი და ძალიან კარგად იცის, რა არის მადრიდის რეალი. სწორედ ეს ცოდნა ეხმარება გასახდელში თავდაჯერებული და „ჩვენიანი“ იყოს.“

 

ცვლილებები არასოდეს არის ხოლმე იოლი. მაგრამ, ამჯერად ხულენ ლოპეტეგის წასვლა თითქმის არავის უგრძვნია. „გასახდელმა სოლარი თავისიანად მიიღო და ნდობაც გაჩნდა. მან კარგად იცის აქაური ფეხბურთი და ეს ჩვენც მეტ მოტივაციას გვაძლევს,“ - ეს უკვე რეალის შემტევის, კარიმ ბენზემას სიტყვებია.