გახსოვდეს ვისი გოლისა ხარ...

ფათერაკი უკან დასდევს მუდამ...


გაივსო ქალაქი სამყურებით, თუმც ჯერ სად ვართ... შაბათის თამაშამდე კიდევ უფრო მომრავლდებიან... 
კარგი ხალხია ირლანდიელები - ჯიგრები...

არადა რა უხერხული გუნდია... პროლეტარული გარეგნობის, უბრალო, გლეხი ბიჭები, რომლებიც ყველაფერს ხასიათის სიმტკიცით აღწევენ. სიმტკიცით და იღბლით. თუმცა, იღბალიც იმას სწყალობს, ვინც ბოლომდე იბრძვის.

„სამყურებთან“ ჩვენების შეხვედრას ფათერაკიც მუდამ თან ახლავს:  

მიხეილ მესხის ტრიბუნიდან კევინ კილბეინს ერთხელ გახსნილი ჯაყვა ესროლეს და ბეჭზე დაასვეს... 

შოთა არველაძემ ლენსდაუნროუდზე ერთხელ იმდენი ირბინა, ბოლოს აღებინა და საექიმო გახდა... 

2008 წელს ირლანდიელებმა, აქაოდა საქართველოში საომარი ვითარებააო და, თბილისის ნაცვლად გერმანულ მაინცში გვათამაშეს....

მსაჯები ისე ცოდავენ, თითქოს საქართველო-ირლანდია სოფლის პირველობაზე თამაშობდნენ... 

მათ საქართველოს კარში ისეთი უცნაური გოლები გააქვთ... 

აქამდე, საქართველოს ნაკრები ირლანდიას ათჯერ შეხვდა: ცხრაჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა... 

ქართველებმა ირლანდიელებს უკვე 10 თამაშია ვერაფერი მოუხერხეს

მოკლედ, საბრალო საქართველო... არადა რა საბრალო, რის საბრალო... ჩვენებს რომ საამაყო აქვთ, იმდენი ვის?! 

შაბათს, მე-11 საქართველო - ირლანდიაა.  ჯანსუღ ჩარკვიანის  გენიალური ლექსიც, „ჰიმნი თავისუფლებას,“ დღეს ზუსტად ესადაგება ჩვენი და ირლანდიელების მორიგ შესარჩევ შეხვედრას. 

საქართველომ ზუსტადაც რომ „ყიჟინის კორიანტელი“ უნდა დააყენოს. რადგან „დაბადებულნი არ ვართ ლაჩრებად“ და  თუ „გამარჯვება არის მიზანი,“ – მაგრად დაჰკარით! 

ეგებ ასეთი პათეტიკა არც არის სჭირო, მაგრამ...

ამათი თითქმის ყველა მატჩი ნანახი მაქვს, ალბათ ისე, როგორც მკითხველთა უმეტესობას. თითქოს „მთლად“ წასაგები არცერთი იყო. ბევრ შემთხვევაში ჩვენები თამაშით სჯობდნენ, მაგრამ მაინც აგებდნენ. 

გია მეგრელაძე

ახლა მნიშვნელობა არ აქვს არც სატურნირო მდგომარეობას და არც ქულებს (D შესარჩევ ჯგუფს 11 ქულით სწორედ ირლანდია ლიდერობს).
ეს არის ერთი კონკრეტული დაპირისპირება, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ... სხვა თუ არაფერი, ღირსების საქმეა.
მოვიგოთ იმიტომ, რომ ჩვენ მათზე ნაკლები საფეხბურთო ისტორია არ გვაქვს, თუ მეტი არა...

ახალმა თაობამ, მათ შორის ფეხბურთელებმა, შესაძლოა, არც იცოდნენ, რომ ქართველებს ევროპულ და მსოფლიო ფეხბურთის მთავარ დავთარში რამდენიმე სარეკორდო მიღწევა გვაქვს. 
მაშ, წაიკითხეთ და იამაყეთ, რომ:
 

- ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა მიხეილ მესხის პასით.

- ევროპა ლიგის ისტორიაში პირველი ბურთი ქართველმა - გია მეგრელაძემ შეაგდო. 

- უეფას ერთა ლიგის გათამაშებაშიც პირველად ჩვენიანი გამოირჩა, გეხსომებათ, შარშან, სექტემბერში ყაზახეთთან, ასტანაში (ახლა ნურსულთანი) გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავი გოლი.

- რამდენად საამაყოა არ ვიცი, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, 1970 წელს, პირველი ყვითელი ბარათი სსრკ ნაკრების ნახევარმცველმა კახი ასათიანმა მიიღო.

1970. პირველი ყვითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში

ანუ, მცირე კვალი ჩვენც დაგვიმჩნევია საერთაშორისო ფეხბუთრთისთვის და ამ მონაგარს გაფრთხილება და განვითარება სჭირდება.

ირლანდიას აქვს ასეთი ნუსხა? არ აქვს.

ჰოდა, სანამ „ირლანდიის სინდრომი“ საბოლოოდ შეგვყრია - მაგრად დაჰკარით!!!