21-წლამდელები: ვერ გავძელით... (+VIDEO)

დასანანი თამაში წააგო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა. შვეიცარიაში 83-ე წუთამდე 1:1 იყო და ძლიერ მეტოქესთან ფრე რეალური ჩანდა. 

მეტიც, გიორგი არაბიძეს საგოლე მომენტიც ჰქონდა და წინ გასვლა შეიძლებოდა.

 

პირველი ტაიმი: გიორგი ცეცაძის გაწვრთნილებს უჭირდათ. სუსტად იყო დაცვა, განსაკუთრებით კი მარჯვნიდან უტევდნენ მასპინძლები, სადაც სილაგაძესა და კობოურს ვერ გამოსდიოდათ თამაში. დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა საყრდენმა კუციამ და ვიტყოდით, რომ არაბიძესთან ერთად საუკეთესო იყო ქართველთა შორის. შავი სამუშაო ზოგჯერ ქავთარაძესა და არველაძესაც უწევდათ.

 

იყო მომენტები, როცა ქართველები არ ჩამორჩებოდნენ შვეიცარიელებს, ოღონდ ჩანდა სხვაობა აზროვნების სისწრაფეში და სწორ გადაწყვეტილებებში.

 

ანგარიში უცნაურ სიტუაციაში გაიხსნა. ქართველთა დაცვა სად იყო, ვერ გეტყვით, სათამაშო დისციპლინა დაირღვა და პირისპირ დარჩენილმა ვარგასმა (გერმანულ აუგსბურგშია) გაიტანა. მალევე, კუციამ საჯარიმოს უფლება მოიპოვა და არაბიძემ დაახლოებით 25-27 მეტრიდან ჩასვა ბურთი კარში - 1:1.  

 

თამაშში არაფერი შეცვლილა, ეგაა, შვეიცარიელებმა შეცვლებს მიმართეს, ხოლო ცეცაძეს, ჩანს, აწყობდა მოვლენების ასე განვითარება და მხოლოდ 86-ე წუთზე გააკეთა სამი ცვლილება. ამ დროს შვეიცარია უკვე იგებდა: კარგ კომბინაციას ლოტომბას დარტმა მოჰყვა და გუგეშაშვილი ამ მომენტს ვერ ხედავდა - ვერც გადახტა - 2:1.

 

ბოლოს კი საქართველომ კინაღამ გაათანაბრა. მალის გარღვესა და პასს სპანდერაშვილის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. ორი მოგების მერე, სამწუხაროდ, წაგების ჯერიც დადგა...     

 

შვეიცარია - საქართველო 2:1

 

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, სილაგაძე (ნებიერიძე 86), კუცია, ნინუა (კოხრეიძე 86), არაბიძე, ქავთარაძე (სპანდერაშვილი 75), არველაძე (ბუღრიძე 86)

 

გოლები: 1:0 ვარგასი (57), 1;1 არაბიძე (61), 2:1 ლოტომბა (83)